21 ნოემბრიდან Palitra TV-ს ეთერში ახალი აზარტული შოუ "მიმიხვდი" დაიწყება, სადაც ერთმანეთს ცნობილი ადამიანებისგან დაკომპლექტებული გუნდები შეეჯიბრება. გადაცემას თამთა ასათიანი წაიყვანს.
- თამთა, მოგვიყევით თქვენი ახალი გადაცემის შესახებ...
- გადაცემის სახელწოდებაა "მიმიხვდი", ეს გასართობი გადაცემაა, პრიციპში უფრო თამაში, ამ სეზონზე სულ 27 წყვილი გვეყოლება, თითო გადაცემაში კი 3 წყვილი მონაწილეობს. წყვილები, რა თქმა უნდა, მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ადამიანები არიან. თითო გადაცემიდან 2 წყვილს სამწუხაროდ, დავემშვიდობებით, ხოლო გამარჯვებული უკვე ნახევარფინალური ეტაპისკენ გადაინაცვლებს და მიეცემა რეალური შანსი, გახდეს გამარჯვებული და არაჩვეულებრივი პრიზიც დაიმსახუროს.
თამაში 3 ტურისგან შედგება, მონაწილეებმა კალათიდან უნდა ამოიღონ ფურცლები და რაც შეიძლება სწრაფად უნდა აუხსნან წყვილებს ის პიროვნებები, რომლებიც ფურცელზე შეხვდებათ. პირველ ტურში სრული თავისუფლება აქვთ და რამდენი სიტყვითაც უნდათ, ისე ხსნიან. მეორე ტურში მხოლოდ ერთი სიტყვით და ბოლო ტურში უსიტყვოდ, იყენებენ მხოლოდ ხელებს, ფეხებს და ა.შ. მესამე ტური ყველაზე სახალისოა. ჯერ მხოლოდ ერთი გადაცემა ჩავწერეთ და მონაწილეებმა ძალიან იხალისეს, დარწმუნებული ვარ მაყურებელიც კარგად გაერთობა. მოთამაშეებმა ძალიან მოინდომეს, რამდენიმე კურიოზული მომენტიც იყო. გამოვყოფდი მარკუს მეტრეველის და თამუნა მუსერიძის წყვილს, რომლებმაც მშვენივრად გაართვეს თავი ამ თამაშს, ორივე ძალიან მონდომებული იყო და სახალისოდ ხსნიდნენ ამა თუ იმ პიროვნებებს. ასევე, ნუკი კოშკელიშვილი, რომელმაც მეწყვილისთვის უფრო რომ გაეადვილებინა გამოცნობა, ოთხზეც კი იარა. ვფიქრობ, ჩვენს მაყურებელს დიდი მხიარულება ელოდება წინ. ვინ გახდა პირველი გამარჯვებული, ეს უკვე 18 ნომბერს შეგიძლიათ ნახოთ "პალიტრა ტვ"-ს ეთერში. გადაცემა კვირაში ერთხელ გავა, ხოლო გამარჯვებულ წყვილს, რომელსაც დავაჯილდოვებთ, სავარაუდოდ, საახალწლოდ გამოვავლენთ."ამბები.გე" გადაცემის ერთ-ერთ მონაწილეს, ნუკი კოშკელიშვილს დაუკავშირდა.
- ნუკი, რატომ დადექით ოთხზე გადაცემის ჩაწერის დროს?
- ჩემი მეწყვილესთვის უნდა ამეხსნა სიტყვა კენტავრი. ვერ მივხვდი, ეს როგორ ამეხსნა და ამიტომ გადავწყვიტე ამ ფორმით გამომეხატა და ჩემი მეწყვილეც მიხვდა. ძალიან მაგარი და საინტერესო ფორმატის გადაცემაა. საინტერესო თამაშია, ბავშვობაში ყველას გვითამაშია ეს თამაში. განსაკუთრებით პროფესიონალ მსახიობებთან თამაში მომეწონა. ეკა ნიჟარაძემ და ონისე ონიანმა სასწაულები გააკეთეს, ძალიან გავერთეთ და იმდენად შევედით აზარტში, შეკამათებაც კი მოგვივიდა.
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE