გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ამ დროისთვის ევროკავშირს არანაირი გეგმა არ გააჩნია უკრაინაში არსებული ვითარების გამო რუსეთს ახალი ეკონომიკური სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება. "შემდგომი ეკონომიკური სანქციები არ განიხილება. ახლა ჩვენი მთავარი ყურადღება ზამთარზე, ჰუმანიტარული მდგომარეობისა და რეალური დაზავებისკენ არის მიპყრობილი", - აღნიშნა მერკელმა. კანცლერის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო გაფართოება მხოლოდ ევროკავშირში შესვლაზე "შავ სიას" შეეხება. ამასთან, ევროკომისარმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებაზე 17 ნოემბერს იმსჯელებენ.