ბოლო პერიოდში "რუსთავი 2"-ს ეთერში თითქმის წესად იქცა "ქართული ოცნების" ლიდერების "რუსთავი 2"-ს წამყვანებთან ღია ეთერში, საჯაროდ დაპირისპირება. "ქართული ოცნება" ტელეკომპანიას "ნაციონალური მოძრაობის" ლობირებაში ადანაშაულებს, მათ ტენდენციურებს უწოდებს და ცხადია, ახსენებს სააკაშვილის მმართველობის პერიოდს, როდესაც ოპოზიციისთვის დახურული იყო "რუსთავი 2"-ს ეთერი, რომელიც, ძირითადად "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი პოლიტიკის გატარებით იყო დაკავებული.
კახი კალაძისა და სოზარ სუბარის შემდეგ მაყურებელმა ამჯერად იხილა, თუ როგორ დაუპირისპირდა თოქშოუ "არჩევანის" წამყვან გიორგი გაბუნიას პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, რომელიც გადაცემას მას შემდეგ ჩაერთო პირდაპირ ეთერში, როდესაც გადაცემის წამყვანმა ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან დაასრულა ინტერვიუ.
"შესაშური, იდილიური გარემო იყო თქვენს სტუდიაში. თქვენი ეთერი ყოველთვის ღიაა იმ ადამიანებისთვის, ვინც არიან "ქართულ ოცნებასთან" ოპოზიციაში, ძალიან ღიად და დიდი სიხარულით მასპინძლობთ ამ ადამიანებს, ანუ თქვენთვის მისაღებია ყველა, ვინც არის "ქართული ოცნების" წინააღმდეგ და ამ შემთხვევაში ქალბატონი მაიაც თქვენთვის ძალიან მისაღები რესპოდენტი იყო. თქვენ აშკარად ტენდენციურები ხართ", - ასე დაიწყო საკუთარი გამოსვლა მანანა კობახიძემ, რასაც ტელეწამყვანსა და რესპოდენტს შორის ემოციური და ცხარე კამათი მოჰყვა.
მანანა კობახიძის ბრალდების საპასუხოდ გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ მისთვის და მისი გუნდისთვის ბოლო პერიოდში თითქმის შეუძლებელი ხდება "ქართული ოცნებიდან" სასურველი რესპოდენტის მიწვევა, რადგან პრესსამსახურებთან გაუთავებელი მოლაპარაკებების მიუხედავად იშვიათად ეძლევათ შესაძლებლობა, რომ ინტერვიუზე დაითანხმონ მათთვის სასურველი რესპოდენტი მმართველი გუნდიდან.
"ჩვენ გვაინტერესებს ყველა რესპოდენტი, ვინც საინტერესოა, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, არ ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ ჩვენ ბოლო პერიოდში ვეხვეწებით ხოლმე "ქართულ ოცნებას", რომ მან რესპოდენტი გამოუშვას გადაცემაში და ის, რომ თქვენ ყოფილიყავით ჩემს სტუდიაში, ჩემს პროდიუსერებს ძალიან დიდი კამათის ფასად დაუჯდათ ეს. ჩვენ ძალიან ძვირად და ნერვების ფასად დაგვიჯდა, რომ დღეს თქვენ ეთერში ყოფილიყავით...", - უპასუხა ტელეწამყვანმა პარლამენტის ვიცე-სპიკერს.
იხილეთ ვიდეო