თბილისში, პეკინის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" პეკინის #14-ში გარდაცვლილის მეზობლებმა განუცხადეს, ხანძარი ბინაში წუხელ, დაახლოებით ღამის 12 საათზე გაჩნდა. ერთ-ერთი მეზობლის თქმით, დაახლოებით 25 წლის ახალგაზრდა ჯერ მოკლეს და შემდეგ დაწვეს. მისივე ინფორმაციით, ბინა გაქირავებული იყო.
"ჩემი ინფორმაციით, ახალგაზრდასთან ვიღაც იყო. პოლიცია და სასწრაფო მოვიდა, მე, ღამის 12 საათზე მეზობელმა დამირეკა და რომ გამოვედი ყველაფერი იწვოდა. მანამდე ჩხუბი და ხმაური არ გამიგია. თქვეს, რომ ჯერ მოკლეს და შემდეგ დაწვეს. კარები ვერ გააღეს, ეტყობა იყო ისეთი ვინმე, ვისაც გასაღები ჰქონდა. მაღალი, გამხდარი კაცი იყო", - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.
მისი ინფორმაციით, ახალგაზრდა ყელის არეში იყო დაჭრილი. ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები უკვვე დასრულებულია. ადგილზე აღარ იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლები. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი სილამაზის სალონში მუშაობდა და ლგბტ თემის წევრი იყო.