მომღერალი თაკო ვადაჭკორია ცდილობს, გადალახოს ის წინააღმდეგობები, რაც ჯანსაღად ცხოვრებაში უშლის ხელს.
თუმცა, არის რაღაცები, რასაც ვერ შეცვლის - მისი სამუშაო დღე ღამის 10 საათზე იწყება და საკმაოდ გვიან სრულდება. ამის გამო ძილის რეჟიმი დარღვეული აქვს, მაგრამ დანაკლისის ანაზღაურებას სხვა საშუალებებით ახერხებს. "გზის" მკითხველებს თაკო საკუთარ ცოდნა-გამოცდილებას უზიარებს და რამდენიმე პრაქტიკულ, ადვილად შესასრულებელ რჩევასაც აძლევს...
ჯანსაღი ცხოვრების წესი სწორ კვებას, გეგმიურ ძილს, სპორტ-დარბაზებში სიარულს მოიცავს. ჩემი აზრით, სილამაზისა და სასურველ ფორმაში ყოფნისთვის დიეტა საუკეთესო გამოსავალი არ არის. პირადად მე, წონის პრობლემა ორსულობის შემდეგ პერიოდში გამიჩნდა, თუმცა 15 კილო თავისთავად "დავკარგე", 6 - ჩემი ძალისხმევით, დანარჩენი 4 კილოს დაკლება კი ძალიან გამიჭირდა და დიეტის დაცვა მომიხდა. მალე მივხვდი, რომ თავს ვიტყუებდი. მერე დავრწმუნდი, რომ წონის დაკლებისას ფსიქოლოგიური ფაქტორი ძალიან ბევრს ნიშნავს. გადავწყვიტე, ცომეულის გარდა არაფერზე მეთქვა უარი და საკუთარი თავიც დავარწმუნე, რომ ამ მეთოდით დავიკლებდი და კარგი შედეგიც მივიღე. სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, ჭამა გვიან ღამითაც მიწევს.