საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკურ კრიზისად არ აფასებს და მიიჩნევს, რომ ადგილი მხოლოდ "კრიზისის ნიშნებს" ჰქონდა.
"გარკვეული რყევები იყო, რაც არ არის სასიამოვნო, მაგრამ მთავრობის პოლიტიკურ კრიზისს მე ამას არ დავარქმევდი. სახელისუფლებო კრიზისის ნიშნები იყო, მაგრამ უკვე, პრაქტიკულად, ყველაფერი დალაგებულია", - განაცხადა ივანიშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" საუბარში.
რაც შეეხება მთავრობაში განხორცილებულ ცვლილებებს, ყოფილი პრემიერის შეფასებით, ეს ნორმალური მომენტია.
"ეს ხდება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, ისე როგორც ის, რომ კოალიციიდან გადიან პარტიები. ყველა მოვლენიდან ჩვენ უნდა გამოვიტანოთ დასკვნები და გამოვიყენოთ ქვეყნისთვის სასარგებლოდ. მოკლედ თუ შევაფასებთ – იმაში, რაც მოხდა კარგი არაფერი არაა და განსაკუთრებით ახლო მომავალში, თუმცა ვფიქრობ, როცა ყველაფერი დალაგდება და ყველაფერს პასუხი გაეცემა, ეს სტრატეგიულად ქვეყანას არ დააზარალებს. შეიძლება უკეთესიც იყოს. ჩვენ უნდა შევეცადოთ ის მოვლენები, რომელიც განვითარდა, ქვეყნის სასიკეთოდ მოვირგოთ", - განმარტა ივანიშვილმა.
მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის შეფასებით, ცუდი არაფერია იმაშიც, რომ ქვეყანაში და მათ შორის პარლამენტში კონსტრუქციული ოპოზიცია გაჩნდება.
იხილეთ ინტერვიუს ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტები თეგზე #ივანიშვილი "მოამბეში"