გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი არსენ გვენეტაძე ალბათ, პირველი ქართველი იქნება, რომელიც კოსმოსში გაფრენას შეძლებს. 51 წლის ქართველმა ექიმმა 31 ოქტომბერს ამერიკაში ასტრონავტის სერტიფიკატი მოიპოვა. ამისთვის არსენმა კომპანია "ვირჯინ გალაქტიკის" მეშვეობით "ნასტარის ცენტრში" სპეციალური სწავლება გაიარა. ეს კომპანია პირველი კომერციული ავიაკოსმოსური კომპანიაა, რომელიც სუბორბიტულ კოსმოსში ტურისტული რეისების ბიზნესს გეგმავს. კოსმოსში ტურისთვის მსურველთა გრძელი რიგი დგას. ბილეთის ღირებულება კი 250 ათასი დოლარია.
არსენი კოსმოსში გაფრენისთვის მზად არის. ადამიანს, რომელმაც შეძლო მსხვილი ნაწლავის კიბოს დამარცხება, სურდა, საკუთარი თავისთვის დაემტკიცებინა, რომ ესეც შეუძლია.
- არსენ, პირველ რიგში გილოცავთ ასტრონავტის სერთიფიკატის მოპოვებას. თქვენთვის თუ არის ცნობილი, კონკრეტულად როდის შეძლებთ კოსმოსში ფრენას?
- არა, ჯერ საერთოდ ფრენები არ დაწყებულა. მე მინდოდა გამევლო ასტრონავტის კურსები და ეს ნიშნავს, რომ თუ მსგავსი შესაძლებლობა გამომიჩნდა, უკვე მზად ვარ კოსმოსში ფრენისთვის და ბაზაში ვარ შეყვანილი, როგორც სერტიფიცირებული მოყვარული ასტრონავტი.
- საქართველოში თუ აქვს ვინმეს მსგავსი სერტიფიკატი?
- როგორც ამერიკაში, "ნასტარის ცენტრში" დამიდასტურეს, მე პირველი ქართველი ვარ. ნაკლებად მაღელვებს პირველი ვარ თუ მეორე. მე მინდოდა და ეს გავაკეთე.
- რამდენად რთული იყო თქვენთვის იმ ფიზიკური დატვირთვების გავლა, რაც ფრენისთვის აუცილებელია? თქვენ ჯანმრთელობის პრობლემა გქონდათ...
- საკმაოდ რთული იყო, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. გამოცდა ცენტრიფუგაში, ზეწონადობის პირობებში, სადაც ექვსჯერ მეტ გრავიტაციის ძალას განიცდი, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მანამდე სპეციალური კურსი წაგვიკითხეს, თუ როგორ უნდა მართო სხეული, და როგორ უნდა გეჭიროს დიაფრაგმა, კუნთების დაჭიმულობა, მხედველობის დაბინდვა და სხვა რამ რომ არ მოხდეს. მომიწია მასთან შეგუება.
- ამ გამოცდის გავლა და სერტიფიკატის მიღება რას ნიშნავს თქვენთვის?
- ეს პირველ რიგში, არის ჩაფიქრებული სურვილის ასრულება და ამით საკუთარი თავისადმი რწმენის განმტკიცება, შემდგომი მოტივაციის, სიამოვნების, საკუთარი ძალის რწმენის კიდევ ერთხელ შეგრძნება. მე ეს მივუძღვენი საქართველოში და მსოფლიოში კიბოს პროფილაქტიკისა და კიბოს საკითხებზე ყურადღების მიქცევას, რამდენადაც მე თავად კიბო გადავიტანე. ჩემი ეს კამპანია არის იმის შესახებ, რომ ადამიანებმა რაც შეიძლება მეტად გაამახვილონ ყურადღება ამ დაავადების პროფილაქტიკაზე და არ ეშინოდეთ. თუ მე შევძელი გადამეტანა კიბო და ეს გამეკეთებინა, ეს მათაც შეუძლიათ. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ იმის განცდა და შეგრძნება, რომ შეუძლებელი არაფერია. მიზანი მასთან არის, მისი შესრულება მის ხელშია. ცხოვრების შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას. მე ასე ვფიქრობ.
- კოსმოსში ფრენისთვის საკმაოდ დიდი თანხა სახელდება...
- ჯერ ერთი, დღეს ეს ჩემთვის დღის წესრიგში არ დგას. მეორეც, ყოველთვის არსებობს სხვადასხვა გზა - ვიღაცას ინტერესი აქვს, ვიღაცა სპონსორია. ეს საკითხი ნაკლებად მაღელვებს. ჩემი მიზანი ამ წუთში რაც იყო, ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ ეს მე შემიძლია და ამისთვის მზად ვარ. შემდეგ შეიძლება დანარჩენზე ფიქრი. თუ ეს მე ფიზიკურად არ შემიძლია, რაც არ უნდა ვინმემ მითხრას - ა, ბატონო, შენ თანხა და წადიო, როგორ წავალ?
- როგორც ვიცი, წყალქვეშაც არაერთხელ იმოგზაურე და ფოტოები გადაიღე...
- ცხოვრების სურვილი და ნიჭი ვისაც აქვს, არაერთი ადამიანია ასე. წელს მონბლანზეც ვიყავი ასული. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა იმათთვის, ვისაც ასეთი ცხოვრება მოსწონს. ძალიან მოძრავი და ცოცხალი.
- უხლოესი გეგმები როგორია?
- ახალ უკვე ყოველდღიური, ექიმის ცხოვრებით ვცხოვრობ. ჩემი მიზანია, რომ ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები როგორმე შევძლო გავხადო უკეთესი, ვიდრე ისინი იქნებოდნენ ჩემი ყოფნის გარეშე.
არსენ გვენეტაძე, რომელიც თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გინეკოლოგია, ყველაფერთან ერთად ტელე-რადიო წამყვანიც არის. მას ყოველ ოთხშაბათს, 16:10-ზე "პალიტრა TV"-სა და რადიო "პალიტრის" ეთერში სამედიცინო გადაცემა "მკურნალი" მიჰყავს.
იხილეთ გადაცემის გვერდი PalitraTV.ge-ზე
ეკატერინე ბახუტაშვილი
Ambebi.ge