"ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციის" პირდაპირ ეთერში საქართველოს პარლემეტის თავმჯდომარემ მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი რეაქცია დააფიქსირა.
გრიგოლიას კითხვაზე, იგეგმება თუ არა ირაკლი ალასანიას დაკავება? - უსუფაშვილი პასუხობს: "ალასანიას დაჭერა, რომ უნდოდეს ღარიბაშვილს სხვანაირად მოიქცეოდა.
"სამსაათიანი საუბარი არ დასჭირდებოდა ამისთვის სადმე, თან ღიად. ამ ორ მოვლენასა და შესაძლო კავშირს შორის ასე პირდაპირ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ. მე საერთოდ არ მგონია, რომ ვინმეს დღის წესრიგში დგას ალასანიას დაჭერა. ეს ცოტა ისეთი ტერმინია, მაგრამ იძულებული ვარ, რომ ეს გავიმეორო. არავინ არავის დაჭერას არ აპირებს, მაგრამ სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ საქმე, რომლის გამოძიებაც დაიწყეს." - განაცხადა უსუფაშვილმა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, შეესაბამება თუ არა გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს, რომ პოლიტსაბჭოზე ალასანია ივანიშვილს შორის შელაპარაკება მოხდა?-უსუფაშვილმა უპასუხა, რომ აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივია იყო, მაგრამ რაც შეეხება გაწევ-გამოწევას ასეთი რამ მას არ უნახავს. "საინტერესოა და მინდა დავიწყო იმ ჩიტის მოძებნა, რომელიც მსგავს ამბებს გამოიტანს ხოლმე. მინდა გითხრათ, რომ ზოგჯერ ამ ჩიტს სწორი ინფორმაცია გამოქვს ჩვენი შეხვედრებიდან, ზოგჯერ - არცთუ სწორი. ეს ეტყობა ძალიან პროფესიონალ ჩიტთან გვაქვს საქმე, იმიტომ, რომ თუ სულ სწორი საქმეები იქნება, შეიძლება ეჭვი გაჩნდეს რაღაცეებზე. არანაირ გაწევ-გამოწევას, ფიზიკურ რამე შეხლა-შემოხლას არ შევსწრებივარ. ასევე, ჩემი თანდასწრებით გამართულ შეხვედრებზე დაძაბული საუბარი ყოფილა, მაგრამ ამ დაძაბულ საუბარს ზღვარი არ გადაუკვეთია, რომ ადამიანებს შემდგომი ურთიერთობის პრობლემა გასჩენოდათ. ამის მკაფიო მაგალითია ის, რომ ირაკლი ალასანია ბატონ ბიძინა ივანიშვილს გუშინაც შეხვდა და ეს შეხვედრა ჩემი თანდასწრებით დაიგეგმა ერთ-ერთ საჯარო ღონისძიებაზე", - განაცხადა უსუფაშვილმა. (ვიდეო)
დავით უსუფაშვილმა ისაუბრა ასევე რა მდგომარეობაა ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობაში.
მისი განცხადებით, "თავისუფალი დემოკრატების" კოალიციიდან გასვლით საპარლამენტო უმრავლესობამ მნიშვნელოვანი გუნდი დაკარგა, თუმცა ფორმალური თვალსაზრისით უმრავლესობა არ დაშლილა. მოხდა გარკვეული გადაადგილებები – ნაწილმა დატოვა, ნაწილი შემოუერთდა. ასე რომ, ფორმალურად არაფერი შეცვლილა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფაქტობრივად და პოლიტიკურად არაფერი მომხდარა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე მინისტრების გადადგომის და ელჩების თემას შეეხო.
მისი თქმით, ელჩები კითხვებს სვამენ როგორც კურსთან დაკავშირებით, ისე ხელისუფლებაში განვითარებულ მოვლენებზე. "დღეს "თავისუფალი დემოკრატების" მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯმა და მათმა განცხადებებმა, რომლებსაც ვთვლი, რომ იყო ნაჩქარევი და ემოციურ ფონზე გაკეთებული, თითქოს ქვეყნის მიმართულება იცვლება და საფრთხეშია, უამრავი კითხვა გააჩინა გარეთ, თუ რა ხდება საქართველოში, რატომ ხდება ასეთი მოვლენები.
მისივე თქმით, მინისტრების გადადგომამ ქვეყნის ევროპული კურსის ტემპის შემცირება გამოიწვია. "ქვეყნის კურსი არ იცვლება. მაგრამ ერთია კურსი არ შეცვალო, მეორე - რა ტემპით მიდიხარ იმ დასახული ამოცანებისკენ.ფაქტია, რომ ჩვენ ტემპი შეგვიმცირდა რადგან გამოგვაკლდა ხალხი, რომლებიც ამ საქმეს მიჰყვებოდა,"- აღნიშნა უსუფაშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ: "მრეკეთ, ქალბატონო ინგა ..." - ალექსი პეტრიაშვილი ინგა გრიგოლიას
-თანაკურსელები, რომელბიც მინისტრები და პარლამენტარები გახდნენ - უსუფაშვილის გამხელილი "საიდუმლო"