საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალსანიას შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახე დაკარგა. ირაკლი ალასანია "თავისუფალი დემოკრატების" ოფისში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. იგი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას და აღნიშნა, რომ იგივეთი ვერ უპასუხებს, რადგან ინსტიტუციებს პატივს სცემს და ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდა, რომ მეორეჯერ ასეთი რამ აღარ გააკეთოს.
"ჩემთვის გულდასაწყვეტია, რომ ყველანაირ კორექტულობას გასცდა პრემიერ-მინისტრი. ჩემი აზრით, მართალი კაცები, ვისაც სახე აქვთ, სახეს არ კარგავენ, ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრმა სახე დაკარგა. მე მაინც მეძვირფასება ის ერთად გავლილი პერიოდი, ჩემს კოლეგებთან, მთავრობასთან ერთად. ბუნებრივია, მე მადლიერი ვარ იმის, რაც ერთად გავაკეთეთ მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკამ და პროკურატურის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ჩვენი გზები გაყო. მე ყველას მოვუწოდებ, რომ კორექტულობის ფარგლებში დარჩნენ. მე მგონია, რომ სახის დაკარგვა ჩვენი პრემიერ-მინისტრის მხრიდან ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. მე იგივეთი ვერ ვუპასუხებ. მე პატივს ვცემ ინსტიტუციებს და აქედან გამომდინარე მინდა, უბრალოდ მას მოვუწოდო, რომ მეორეჯერ ასეთი რამ აღარ გააკეთოს, უბრალოდ ეს არის არასწორი საზოგადოების მიმართაც, ჩემს მიმართაც და ბუნებრივია, თავისი კოლეგების მიმართაც, რომელთა თვალში დარწმუნებული ვარ, დღევანდელი მისი განცხადება არ აღიქმებოდა პოზიტიურად", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ამავე თემაზე: