"ივანიშვილი დაემხობა", - ამ განცხადებას საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოცემა Forbes Georgia-სთან საუბარში აკეთებს. მისი თქმით, რამდენიმე თვეში საზოგადოება რეორგანიზდება და პასუხს გასცემს ივანიშვილის ხელისუფლების უზურპაციის მცდელობას. ამასთან, სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ის ათასობით წერილს იღებს Facebook-ზე, რომელშიც მას დაბრუნებას სთხოვენ. "საქართველოში დაბრუნება ჩემთვის არ არის ვიღაც გაუნათლებელი, ჯაყოს მსგავსი უტიფარი არსების პირად დილეგში ჩასმა. საქართველოს მთავრობას არ უნდა ჩემი ქვეყანაში ჩასვლა, რადგან ძალიან ეშინია ჩემი", - ამბობს სააკაშვილი.
"ძალიან სწრაფად მიდის მოვლენები. ვფიქრობ, რომ ეს არ არის წლების საკითხი. ეს არის თვეების საკითხი, როდესაც საზოგადოება რეორგანიზდება და პასუხს გასცემს ხელისუფლების უზურპაციის მცდელობას. ივანიშვილი დაემხობა, მაგრამ მისი დამხობა არ არის ჩვენი თვითმიზანი. ჩვენი მიზანია, ეს გარდაუვალი პროცესი მოხდეს ისე, რომ ამას არ მოჰყვეს რუსეთის საბოლოო ხელის გაშლა ბოლომდე, საქართველოს სუვერენიტეტის მოშლა და იმის მსგავსი ძალადობა, რაც მოხდა უკრაინაში", - ამბობს სააკაშვილი Forbes Georgia-სთან საუბრისას.