ახალი თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე იქნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მინდია ჯანელიძე ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის პოსტს იკავებს. ამავდროულად არის პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში. იგი ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მანამდე კი მინდია ჯანელიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციული დირექტორატის სამმართველოს უფროსად მუშაობდა, რა პერიოდშიც მისმა შემოსავალმა 29 549 ლარი შეადგინა, - ეს არის ინფორმაცია მისი ქონებრივი დეკლარაციიდან.
მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა, მისი ბრძანებულებით, მინდია ჯანელიძე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ დაინიშნა და, ამავე დროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის თანამდებობა ჩაიბარა.
საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ ახალი მინისტრი, მინდია ჯანელიძე მის მიერ დაწყებულ რეფორმებს გააგრძელებს. ალასანიას თქმით, ჯანელიძე საქართველოს პატრიოტია.
"ვიცნობ მინდია ჯანელიძეს და დარწმუნებული ვარ, რომ ის არის ჩვენი ქვეყნის პატრიოტი. ის არის ადამიანი, რომელიც წაიყვანს თავდაცვის სამინისტროში და გააგრძელებს რეფორმებს, რომლებიც დაწყებულია. შევხვდები მას და გადავაბარებ უწყებას", - აღნიშნა ალასანიამ.
შეგახსენებთ, ვიდრე პარლამენტი თავდაცვის ახალ მინისტრს თანამდებობაზე დაამტკიცებს, თავდაცვის მინისტრის მოვალეობას ირაკლი ალასანიას პირველი მოადგილე ირაკლი გეგეჩკორი შეასრულებს.
გუშინ პრემიერმა თავდაცვის მინისტრის გადაყენების შესახებ განცხადება გააკეთა. ამას წინ უძღოდა თავდაცვის მინისტრის განცხადება, როდესაც მან პროკურატურის ბოლოდროინდელი ქმედებების პოლიტიკურ სარჩულზე და ქვეყნის ევროატლანტიკური მიმართულების წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებაზე ისაუბრა. როგორც ირაკლი ალასანიამ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბოლო დღეებში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიმართ განვითარებულ მოვლენებში პოლიტიკური სარჩული შეინიშნება.
თემის ყველა მნიშვნელოვანი განახლება ნახეთ თეგზე #ირაკლი ალასანია