საქართველოს მთავარი პროკურატურა თავდაცვის მინისტრის განცხადებას უვიცობას უწოდებს. როგორც ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ქრონიკაში" მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ განაცხადა, პროკურატურას ქვეყნის საგარეო კურსთან არანაირი შემხებლობა არ აქვს.
"ის განცხადებები, რომ პროკურატურის თავდასხმის ობიექტი არის თავდაცვის სამინისტრო, არის უბრალოდ სასაცილო და გაუგებარი. თავდაცვის სამინისტრო არის სახელმწიფო უწყება და პროკურატურა მასზე არანაირ თავდასხმას არ ახორციელებს. თავდაცვის სამინისტრო გუშინაც არსებობდა, დღესაც არსებობს და მომავალშიც იარსებებს, მიუხდავად იმის, თუ ვინ იმუშავებს. პროკურატურას არანაირი შემხებლობა არ აქვს ქვეყნის საგარეო კურსთან და პოლიტიკასთან. ასეთი განცხადებები არის უბრალოდ უვიცობა", - აღნიშნა შოთაძემ ირაკლი ალასანიას დღევანდელი განცხადების საპასუხოდ.
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია კოალიცია "ქართულ ოცნებას" მიმართავს, ხვალ პოლიტსაბჭოს სხდომა გამართოს იმაზე მსჯელობისთვის, საითკენ მიჰყავს პროკურატურას ქვეყანა. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ "თავისუფალი დემოკრატების" ოფისში, პარტიის წევრებთან ერთად გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მან საზოგადოებას მიმართა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებულ თემებზე და განაცხადა, რომ "აშკარად შეინიშნება პოლიტიკური სარჩული".
"საქმე გვაქვს მიზანმიმართულ შეტევაზე თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი, ნატოსთან, ევროკავშირთან და ვინაიდან საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ორიენტაციას, პოლიტიკურ მომავალს, ხვალ მივმართავ მმართველი კოალიციის პოლიტსაბჭოს, შევიკრიბოთ და გავხსნათ მსჯელობა, თუ საითკენ მიჰყავს პროკურატურას ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა ალასანიამ.