იხილეთ| ინტერვიუ, რომლის გამო ლალი ბადურაშვილს შეურაცხყოფა სახალხოდ მიაყენეს
ამერიკაში მოღვაწე პროფესორი, დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში, მსახიობ ლალი ბადურაშვილს პოლიტიკური შეხედულებების გამო აკრიტიკებს და ვრცელ წერილს აქვეყნებს.
"მეგობრებო, ეგებ ვინმეს გაქვთ კავშირი ლალი ბადურაშვილთან. ეხლა ფეისბუკზე რომ არის იმასთან არა, არ ვიცნობ. აი, იმასთან, მსახიობი რომ დაარქვეს და "დიდოდსტატის მარჯვენა"-ში რომ შორენას თამაშობდა. გეხოსმებთ, როგორ არა, გრძნობების გამოხატვის სამი დახვეწილი მეთოდი ჰქონდა: გახედვა მარჯვნივ (უზომო სიხარული), გახედვა მარცხნივ (უზომო სევდა) და დახედვა დაბლა (მორცხვი კეკლუცობა). აი, სწორედ იმ ლალის ეგებ როგორმე მიაწვდინოთ ჩემი სტატუსი. ფეისბუკზე არ ჩანს და მისამართი არ ვიცი.
ლალი, გენაცვალე, გახსოვარ? - დოდონა კიზირია. საბავშვო ბაღში ერთად დავდიოდით და მერე საშუალო სკოლაშიც ერთად ვსწავლობდით მეექვსე კლასამდე. ყოველთვის ბრიყვი იყავი, ჩემო კარგო. "მე პტარა გოგო ვარ, გამოვდივარ სცენაზეც..." კი ვერ დაიზეპირე. ლამაზი იყავი, ამას არ წაგართმევ. სილამაზე გემოვნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ მახსოვს, ყველას ძალიან მოსწონდი. ჰოდა, ამ სილამაზეზე მინდა საბანკო ტერმინებით აგიხსნა რაღაც. ძალზე მარტივად, რადგან რთულს შენ მაინც ვერ გაიგებ.
აი, წარმოიდგინე, რომ ბანკში გაქვს საკმაოდ დიდი თანხა. შენ ეს თანხა ნელ-ნელა გამოგაქვს, რადგან ლამაზ ქალს დიდი ხარჯები აქვს - ჩაცმა, დახურვა, გავლა-გამოვლა და ასე შემდეგ. ფულიც თანდათანობით ილევა. თუ ამ თანხის რაღაც ნაწილს ასე თუ ისე მომგებიანად არ დააბანდებ, რათა პროცენტების საშუალებით დანახარჯის ნაწილი აღიდგინო და სიბერისთვის გეყოს, მაშინ ბანკში აღარაფრი დაგრჩება - ფაფუ! ხარ ბანკროტი.
ზუსტად ასევეა სილამაზეც. დრო მის მიმართ დაუნდობელია და ნელ-ნელა ცვეთს და ხარჯავს, მეტაფორულად რომ ვთქვათ. თუ სიცოხლეში რაიმე მომგებიან საქმიანობაში არ დააბანდე - ცოდნა, განათლება, ნაკითხობა, თუ ნიჭი გაქვს, მისი განვითარება. ნუ, შენ სამწუხაროდ ნიჭი არ გქონია, მაგრამ დრო გქონდა და სხვა რამის გაკეთება შეგეძლო. როცა ამ მხარეს უგულებელჰყოფ, ხარ ბანკროტი ჭეშმარიტად ადამიანური, სოციალური თვითშეგნების მხრივ. აი, ეს ხარ შენ - სილამაზე დაკარგე, ჭკუა არ მოგემატა. ალბათ გეგონა, ყოველთვის კუდრაჭა, ლამაზი ლალი იქნებოდი, არა?
ამ "ფეისბიკზე" უამრავი ლამაზი და მზეთუნახავი ქალი გავიცანი. ბევრთან შენ ახლოც ვერ მოხვალ, მაგრამ მთვარი ის არის, რომ მათ ღმერთის თუ განგების მიერ მიცემული კაპიტალი კარგად გამოუყენებიათ - არიან ჭკვიანები, გონებაგახსნილები, საინტერესოდ მოაზროვნეები. შენ კი იმდენად უტვინო ხარ, რომ არც კი გესმის შენი სიტყვების მნიშვნელობა - ბოლოსდაბოლოს მიახვრიტეთ ეს ნაციონალები (რასაკვირველია, სააკაშვილი პირველი უნდა იყოს) და დავისვენებთო. ასეთი "სიბრძნე" თავგადაკლული მეოცნებეებისგანაც არ გამიგონია.
რამ გაგაცოფა ასე, იმან რომ შენი ქალიშვილი პრიმა მომღერალი არ გახადეს? ამის გამო, შესაძლებლობა რომ გქონდეს ათასობით ადამიანს (ბევრნი ვართ ნაციონალები) სასიკვდილოდ გაიმეტებდი? მართლა ასეთი რეგვენი ხარ? თუ არ იცოდი, რომ რეგვენი ხარ? აი, გეუბნები, რეგვენი კი არა, ხარ ერთუჯრედიანი არსება - ინფუზორია-ფოსტალი. გახსოვს, სკოლაში ვისწავლეთ ამის შესახებ? ამიტომ, გენაცვალე, თავს ნუ ირცხვენ, პოლიტიკაში ნუ ერევი და განცხადებებს ნუ აკეთებ. რაიმე საქმე გაიჩინე და გაერთე, სანამ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ ამ ქვეყანაზე.
აბა, ჰე! კარგად იყავი", - წერს კიზირია.