ევროკავშირი არ აღიარებს 2 ნოემბერს დონეცკსა და ლუგანსკში ჩატარებულ არჩევნებს და მას არალეგიტიმურს უწოდებს. ამასთან დაკავშირებით განცხადება ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკმა გააკეთა.
მისივე განცხადებით, აღნიშნული არჩევნები ეწინააღმდეგება მინსკში ხელმოწერილ პროტოკოლს და მიმართულია დონბასში ვითარების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესის წინააღმდეგ. "მოვუწოდებთ რუსეთს, არ აღიაროს არჩევნები და გამოიყენოს საკუთარი გავლენა, რათა ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად. ეს იქნებოდა ყველაზე დიდი წვლილი მინსკის დოკუმენტის რეალიზების თვალსაზრისით", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადება ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ, რომელიც რუსეთს მოუწოდებს, არ აღიაროს დონბასში მიმდინარე არჩევნები, რადგან, მისი აზრით, ეს არღვევს მინსკში მიღწეულ შეთანხმებას.