აჭარის მაღალმთიანეთში თოვს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ხულოს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა განუცხადეს, თოვა გვიან ღამით დაიწყო.
გოდერძის უღელტეხილზე მოსული ნალექის გამო მოძრაობა აკრძალულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" ხულოს სამაშველო სამსახურის თანამშრომელმა გენადი შავაძემ განუცხადა, მთელი ღამის განმავლობაში თოვლში ჩარჩენილი 9 ერთეული მსუბუქი და სამარშრუტო მანქანა გამოიყვანეს.
"მსუბუქი ავტომობილები და სამარშრუტო ტაქსები იყო თოვლში ჩარჩენილი, 9 მანქანა გამოვიყვანეთ. თოვლის საფარი 45 სანტიმეტრს აღწევდა და გადაწყდა, რომ ახალციხიდან გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით აღარ გამოეშვათ მანქანები. პოლიცია იყო მობილიზებული და მოძრაობას აკონტროლებდა", - აღნიშნა გენად შავაძემ. მისივე თქმით, დაბა ხულოში თოვლის საფარი 15 სანტიმეტრამდეა და გადაადგილების მხრივ ჯერჯერობით პრობლემები არ არის.