არ მინდა დავიჯერო, რომ ვინმემ სპეციალურად გამოიტანა საჯაროდ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავება, მინისტრის გამგზავრების შემდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა.
დავით უსუფაშვილის თქმით, პროკურორებს მითითებებს ვერ მისცემს, თუმცა მიაჩნია, რომ პროკურორი, რომელიც კორუფციას ებრძვის, ამ ბრძოლის პროცესში სხვა მნიშვნელოვან საკითხებს არ უნდა აზიანებდეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავების საქმე რიგითი საქმე არ არის და არც ბრალდების წარდგენის ყველა შემთხვევაშია აუცილებელი აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენება.
"თავდაცვის სისტემის კავშირგაბმულობით უზრუნველყოფის საკითხი ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების თემა და სათანადო მოპყრობა სჭირდება მას ყველას მხრიდან. საკითხი, პირველ რიგში უნდა მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე გამჭვირვალე, ღია, დამოუკიდებელი გამოძიების გზით. ამ პირების უდანაშაულობის თაობაზე ჩემი კოლეგა, მეგობარი და თანამებრძოლი ირაკლი ალასანია ასე დარწმუნებულია, რომ უდანაშაულოები არიან, მე მჯერა, რომ მას აქვს საფუძველი ასე სჯეროდეს. პროკურატურა იმიტომ არსებობს, რომ თუ აქვს საფუძველი დასვას კითხვები, მე არ მივიჩნევ, რომ ყოველთვის საპატიმრო ზომაა გამოსაყენებელი როდესაც ბრალს წაუყენებენ, ესეც არ არის ჩემი საქმე - მოსამართლის და პროკურორის გადასაწყვეტია, მთავარია, რომ ამ პირთა უფლებები იყოს დაცული და სამართლიანი სასამართლო შედგეს, ამით კი - ავიცილოთ უფრო მეტი ზიანი. უფრო მეტი ზიანი იქნება, თუკი ეს რაიმე ფორმით პოლიტიკურ ელფერს შეიძენს და დავინახავთ იმას, რისი დანახვაც არ მინდა, რომ აქ ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ამ საქმეზე სავარაუდოდ, მეტი ინფორმაცია გახდება საჯარო. "ვიმედოვნებ, ეს საქმე კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში, ბოლომდე იქნება მიყვანილი ჩვენი თავდაცვისუნარიანობის, პოლიტიკური სისტემის და თავდაცვის სისტემის დაუზიანებლად", - განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე სამართალდამცველი სისტემისგან მეტ პასუხისმგებლობას ელის.
"როდესაც დილით აფრინდა თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავი და იგი საფრანგეთსა და გერმანიაში ნატო-ს საკითხებზე კოლეგებთან შეხვედრაზეა, ჩემი აზრით, არ არის ეს სწორი საქციელი, რომ ამ ვითარებაში ბერლინში ან პარიზში მინისტრმა პირველ ნიუსად, მისი თანამშრომლების დაკავების შესახებ შეიტყოს. პროკურორს მე ვერ ვეტყვი რა უნდა გააკეთოს, მაგრამ ის როდესაც ებრძვის კორუფციას, ისიც უნდა იცოდეს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი არ დააზიანოს. არ მინდა დავიჯერო, რომ ვინმემ სპეციალურად, ალასანია რომ გაფრინდა მაშინ გამოიტანა ეს საკითხი საჯაროდ. რომ გავითვალისწინოთ ამ ტიპის საკითხები და თავიდან ავიცილოთ ზედმეტი აჟიოტაჟები, რა თქმა უნდა, სწორი და კარგი იქნება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.
ირაკლი ალასანია მიმდინარე კვირის განმავლობაში საფრანგეთსა და გერმანიაში იმყოფებოდა. ის ბერლინიდან გამთენიისას დაბრუნდა.