მეოცე საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიებმა საქართველოზე წარუშლელი კვალი დაატოვა. ათასობით უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა კომუნისტურ რეჟიმს. ბევრი იმ დროისათვის უკვე გენიად მონათლული ადამიანი გახდა რეპრესიების მსხვერპლი. კიდევ უფრო მეტი ისეთი იყო, ვისაც თავისი სიტყვა მომავალში უნდა ეთქვა, მაგრამ "სამშობლოს სიყვარულით გულანთებულ" "ტროიკას" განაჩენს (რომელთა შორის ხშირად 2 კლასის განათლების არმქონენი იყვნენ) ვერ დაუძვრნენ.
ქართული მუსიკა ევგენი მიქელაძის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა ახლა მის მუსიკალურ მოღვაწეობაზე არაფერს ვიტყვით. ევგენი მიქელაძე, თამამად შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ პირადად ლავრენტი ბერიას მსხვერპლი იყო. 1937 წლის 4 ნოემბერს, ევგენი მიქელაძე "ლატავრას" გენერალური რეპეტიციის დროს, თბილისის ოპერის თეატრიდან აიყვანეს. უშიშროების საგამოძიებო საქმეში ვკითხულობთ "ერ. გორდელაძისგან მიღებული დავალების შესრულების მიზნით, ბრალდებული მიქელაძე მავნებლურ მუშაობას ეწეოდა, ფალიაშვილის სახელობის თეატრში, რაც გამოიხატებოდა თეატრის მუშაობის დეზორგანიზებაში, ინტრიგებისა და კინკლაობის მოწყობაში თანამშრომლებს შორის და დადგმების მიმართ კრიზისული ვითარების შექმნაში, თეატრის სამხატვრო გეგმის ჩაშლაში".
ევგენი მიქელაძის აღსასრულის შესახებ, საშინელი გადმოცემები არსებობს. მას თვალები დასთხარეს. თვალებდათხრილი მუსიკოსის დაკითხვას ლავრენტი ბერიაც ესწრებოდა. დაბრმავებული დირეჟორისთვის უკითხავს: "კიდევ ამბობ, რომ ხალხის მტერი არ ხარ?" მიქელაძეს უპასუხია: ”ლავრენტ პავლეს ძევ, არასოდეს ვყოფილვარ ქვეყნის და ხალხის მტერი”.
- საიდან იცი, რომ ლავრენტი ბერია ვარ, - გაიკვირვა მეორე ქართველმა.
- კარგი სმენა მაქვს და ხმაზე გიცანით, - უპასუხა მიქელაძემ. ამ სიტყვებზე, ბერიას მისთვის რკინის ჯოხები გაუყრია ყურებში.
რომელ რიცხვში მოკლეს ევგენი მიქელაძე, დღემდე უცნობია. როგორც ამბობენ, ამ ოჯახის მიმართ ლავრენტი ბერიას პირადი წყენა ჰქონია, რაც დაკავშირებული იყო ევგენი მიქელაძის მეუღლესთან, რომელმაც გაუბედა და უარი უთხრა პირველ ჩეკისტს. ასეთი ფორმით კლავენ ადამიანს, რომელმაც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 1937 წელს მოსკოვში გამართულ ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის I დეკადაზე, ბრწყინვალედ უდირიჟორა ზ. ფალიაშვილის ოპერებს, რომელმაც პირადად სტალინის მოწონება დაიმსახურა.1937 წლის 22 ივლისს მწერალთა კავშირის შენობაში პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა. კავშირის სხდომამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პოეტის საქციელი ანტისაბჭოთა პროვოკაციად შერაცხეს. ჯავახიშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც პოეტის გამბედაობას მხარი დაუჭირა. ეს უკვე ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხს უდრიდა, რასაც კომუნისტური მთავრობა არავის პატიობდა. ოთხ დღეში, 26 ივლისს, კავშირის პრეზიდიუმმა კენჭის ყრით მიიღო გადაწყვეტილება: "მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს". მისი მეგობრები და კოლეგები, მათ შორის ციხეში მყოფნიც, აიძულეს ეღიარებინათ ჯავახიშვილი, როგორც კონტრ-რევოლუციონერი ტერორისტი. მხოლოდ კრიტიკოსმა გერონტი ქიქოძემ დატოვა კავშირის სხდომა პროტესტის ნიშნად. მწერალი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს და ბერიას თანდასწრებით წამების ქვეშ ხელი მოაწერინეს "აღიარებაზე". სასჯელი აღსასრულში მოიყვანეს დახვრეტით იმავე წლის 30 სექტემბერს. მწერლის არქივი განადგურდა, ხოლო მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთდა. მოგვიანებით მისი ძმაც დახვრიტეს, მეუღლე კი გადაასახლეს. სხვათა შორის, არსებობს ეჭვი, რომ ჯავახიშვილმა გააფრთხილა მწერალი გრიგოლ რობაქიძე მისი დაპატიმრების განკარგულების შესახებ და 1930 წელს გერმანიაში გაქცევაში დაეხმარა.
კომუნიზმის ბევრ მეხოტბეს უყვარს ტიციან ტაბიძის ლექსები, თუმცა ბევრმა შესაძლოა, არც კი იცის, რომ სწორედ მათთვის საყვარელ პარტიას ემსხვერპლა ეს დიდი პოეტი. ბრალდება, რომელიც ტიციანს წაუყენეს, მართლაც რომ სასაცილოდ ჟღერდა - ანტისაბჭოთა მოღვაწეობა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ თარგმნიდა და კითხულობდა ევროპელი მწერლების ნაწარმოებებს. ის 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს. სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. მაშინ, როცა ფილიპე მახარაძეს ვაი-ქართველები მთაწმინდაზე დასტიროდნენ, ტიციანის საფლავი საერთოდ არ არსებობს.
დიმიტრი შევარდნაძე იმ თაობის მხატვარი იყო, ვინც მეოცე საუკუნის დასაწყისის ევროპულ კულტურას ფეხდაფეხ მიყვებოდა. მისი დამსახურებაა, რომ დღეს ნიკო ფიროსმანის ნახატების დიდი ნაწილი არსებობს. შევარდნაძე იყო ერთ-ერთი პიონერი ქართულ სათეატრო და კინოს მხატვრობისა. მას ეკუთვნის ზ. ფალიაშვილის ოპერის "აბესალომ და ეთერის" დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზები (1924, რეჟ. კოტე მარჯანიშვილი).შევარდნაძე იყო პირველი ქართული მხატვრული ფილმის – "ქრისტინეს" (1916) დამდგმელი მხატვარი, აგრეთვე ფილმებისა: "ვინ არის დამნაშავე?" (1925), "ელისო" (1928), "ჯანყი გურიაში" (1929). ვინ იცის, მას რომ ევროპაში ეცხოვრა, დღეს პიკასოს და მოდილიანის გვერდით მდგარიყო, მაგრამ ის ქართველი იყო, არც უფიქრია საქართველოდან წასვლა და სწორედ სამშობლოს სიყვარული იყო ის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ის რეპრესიების მსხვერპლი გახდა. დიმიტრი შევარდნაძე 1937 წელს დახვრიტეს.
სანდრო ახმეტელი თავისუფალი აზროვნებისთვის იდევნებოდა. ათი წელი გრძელდებოდა მისი დამუშავება ლავრენტი ბერიას უშუალო ხელმძღვანელობით. ყველაზე ტრაგიკული აღმოჩნდა მისთვის 1930 წლის წარმატებები მოსკოვის თეატრში. "ლამარას" ნახვის შემდეგ იოსებ სტალინსაც ”სხვანაირი აზრები” გაუჩნდა მის მიმართ. რეჟისორული გადაწყვეტითა და ეროვნული სულისკვეთებით საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო გრიგოლ რობაქიძის "ლამარამ". საბჭოთა ხელმძღვანელების მოთხოვნის მიუხედავად, ახმეტელმა უცხოეთში ემიგრირებული რობაქიძის პიესა რეპერტუარიდან არ მოხსნა, რაც თეატრში ნაციონალური სულისკვეთების მკაფიო გამოხატულებად მიიჩნიეს. 1930 წელს, ბერიას უშუალო ბრძანების საფუძველზე, რუსთაველის თეატრი საზღვარგარეთ გასტროლებზე არ გაუშვეს.
ბერიამ ისარგებლა იმ დაპირისპირებით, რომელიც რუსთაველის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელსა და თეატრის წამყვან მსახიობებს, აკაკი ხორავასა და აკაკი ვასაძეს შორის არსებობდა და ყველანაირად ეცადა, კიდევ უფრო გაეღრმავებინა კონფლიქტი.
შუღლი თეატრალებს შორის იმით დასრულდა, რომ სანდრო ახმეტელმა აკაკი ვასაძე დააქვეითა, ხოლო აკაკი ხორავა საერთოდ გააძევა თეატრიდან. ახმეტელმა არ შეასრულა ბერიას უშუალო ბრძანება და ხორავა და ვასაძე თავიანთ ძველ თანამდებობებზე არ აღადგინა. ბერიას მიმართ გამოცხადებულმა ამ დაუმორჩილებლობამ სანდრო ახმეტელის შემოქმედებასა და ცხოვრებას წერტილი დაუსვა. სანდრო ახმეტელი რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. სანდრო ახმეტელი სამუშაოდ მოსკოვში, "მწვანე თეატრში" გადავიდა. სამშობლოდან განდევნილი რეჟისორი მოსკოვის თეატრალურმა საზოგადოებამ დიდი სიხარულით მიიღო, მაგრამ იგი სასჯელს მაინც ვერ გადაურჩა. სწორედ "მწვანე თეატრში" 1936 წლის 19 ნოემბერს აიყვანეს სანდრო ახმეტელი და მოსკოვიდან თბილისში იქნა ეტაპირებული.
მისი დაპატიმრების შესახებ დადგენილება 1936 წლის 5 დეკემბერს გამოიცა, თავად ახმეტელს წარედგინა 7 დეკემბერს – დაკავებიდან 18 დღის შემდეგ. სანდრო ახმეტელი პროკურორის სანქციის გარეშე დააპატიმრეს. პროკურორს მონაწილეობა არ მიუღია არც წინასწარ გამოძიებაში და არც სასამართლო პროცესში. 222 დღე გრძელდებოდა მისი წამება. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ პირველი სამი თვის განმავლობაში ის ყველა ბრალდებას უარყოფდა, მაგრამ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ ყველა წაყენებული ბრალდება აღიარა. ბერიას მითითებით, სასტიკი წამებისგან დაუძლურებული სანდრო ახმეტელი ღია მანქანით რუსთაველზე გაატარეს, რათა ხალხს ენახა, რა ბედი ელოდა "ხალხის მტერსა და მავნებელს". ბერიას ეს აქტი მიზნად ისახავდა თეატრის წინ საგანგებოდ გამოყვანილი მსახიობების დაშინებასაც. კომუნისტურმა რეჟიმმა სანდრო ახმეტელი ინგლისის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულა. ამასთანავე, მას ტროცკისტულ-ზინოვიევური ორგანიზაციის წევრობა და ხელოვნების სფეროში მავნებლური საქმიანობა ედებოდა ბრალად: თითქოს ახმეტელს, სხვა რესპუბლიკების ეროვნული თეატრების ხელმძღვანელობის ხელშეწყობით, მეამბოხეთა სამხედრო დაჯგუფებები ჰქონდა შექმნილი ბაქოში, სოხუმში, გროზნოსა და თბილისში. ტერორისტულ ორგანიზაციაში თანამონაწილეობა არ აკმარეს და რეჟისორს ისიც კი დააბრალეს, რომ ლავრენტი ბერიასა და იოსებ სტალინის ფიზიკური განადგურება ჰქონდა განზრახული. დააპატიმრეს მეუღლეც, თამარ წულუკიძე-ახმეტელი. 1937 წლის 28 ივნისს ალექსანდრე ახმეტელს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა (ქონების კონფისკაციით); ხოლო თამარ წულუკიძე-ახმეტელს – ათი წლით თავისუფლების აღკვეთა. სანდრო ახმეტელი 1937 წლის 29 ივნისს დახვრიტეს.გიორგი ელიავა ( ქართველი მეცნიერი, მიკრობიოლოგი, ბაქტერიოლოგი.) 1923 წელს გიორგი ელიავას ინიციატივით დაარსდა თბილისის ბაქტერიოლოგიური ინსტიტუტი, რომლის დირექტორიც თვითონ იყო. ელიავა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც გამოთქვა აზრი, რომ ბაქტერიოფაგი განაპირობებს მიკრობთა ფართო ცვალებადობას. ელიავა იცავდა ბაქტერიოფაგის ცოცხალი ბუნების თეორიას. მის თეორიას თავდაპირველად ყველა ეჭვის თვალით უყურებდა თუმცა შემდგომ წარმატებით დადასტურდა მისი ნამდვილობა. 1937 წლის 23 იანვარს გიორგი ელიავა დააპატიმრა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა. მას ბრალი დასდეს საფრანგეთის მთავრობის სასარგებლოდ (1918-21 და 1925-27 წლებში მუშაობდა პარიზში, პასტერის ინსტიტუტში) ჯაშუშობასა და მოსახლეობაში ეპიდემიის გავრცელების მცდელობაში. 1937 წლის 9 ივლისს გიორგი ელიავას უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ გამოუტანა განაჩენი - დახვრეტა. გიორგი ელიავა და მისი მეუღლე დახვრიტეს 10 ივლისს, ხოლო მათი ერთადერთი ქალიშვილი შუა აზიაში გადაასახლეს.
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ადამიანებისა, ვინც რეპრესიებს ემსხვერპლა. საბჭოთა ხელისფლების თვითმიზანს წარმოადგენდა, რომ ერის განვითარებული, მოაზროვნე ნაწილი მოეშორებინა, ვინაიდან უვიცის მართვა გაცილებით იოლი იყო. იმდროინდელმა ხელისუფლებამ მიზანს მიაღწია...
ლადო გოგოლაძე
AMBEBI.GE