რა უძღოდა წინ 22 წლის გოგონას ჩამოხრჩობას - ოჯახის წევრები დაპირისპირებასა და მუქარაზე საუბრობენ

რა უძღოდა წინ 22 წლის გოგონას ჩამოხრჩობას - ოჯახის წევრები დაპირისპირებასა და მუქარაზე საუბრობენ

სოფელ ქვედა სალიბაურში გუშინ საღამოს ტრაგედია მოხდა - სამი შვილის დედა, 22 წლის მადონა ბერიძე დედამთილმა სახლის მეორე სართულზე გარდაცვლილი იპოვა. არსებული ინფორმაციით, მადონას ყელზე ხალათის ქამარი ჰქონდა შემოჭერილი და იატაკზე იწვა. გარდაცვლილის მეუღლის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია, რატომ მოიკლა მადონამ თავი. გარდაცვლილის მშობლები კი ამბობენ, რომ მათ შვილზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა და თვითმკვლელობამდე ამის გამო მივიდა. ოჯახები არ მალავენ, რომ მათ შორის წლების განმავლობაში უთანხმოება იყო.

ორივე ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელიც ცხედარს მშობლების სახლში გადასვენებამდე ჩაუტარდა. Ambebi.ge გარდაცვლილის ქმრის ოჯახის წევრებსა და გარდაცვლილის მშობლებს ესაუბრა:

გიორგი შარაშიძე, გარდაცვლილის მაზლი:

გუშინ საღამოს, 8 საათი იქნებოდა. ბავშვს ჰქონდა გამოსაცვლელი. ჩემი რძალი ავიდა მეორე სართულზე თავის ოთახში ბავშვის ტანსაცმლის ჩამოსატანად. გავიდა 15 წუთი და რომ აღარ დაბრუნდა, დედაჩემმა ააკითხა და დახვდა ეს სიტუაცია - ყელზე ხალათის ქამარი ჰქონდა შემოჭერილი და იატაკზე იწვა. რატომ გააკეთა ეს, ჩვენთვის გაუგებარია. ძალიან ადრე, სანამ ბოლო 2 ბავშვი გაჩნდებოდა, იყო უკმაყოფილება ჩვენსა და ჩემი რძლის ოჯახებს შორის. ბოლო პერიოდში ჩვეულებრივი ნათესაობა გვქონდა. ისინი მოდიოდნენ ჩვენთან და ჩვენც მივდიოდით მათთან.

შალვა დავითაძე, გარდაცვლილის ბიძა:

მადონას გარდაცვალების ამბავი რომ გაგვაგებინეს და მივედით, მთელ სახლში შუქი ჩამქრალი იყო. ცხედარი საწოლზე იყო დასვენებული. გარშემო არც ერთი ქალი და არც დედამთილი არ იყო. დაგვხვდნენ ქმარი, მაზლი და მამამთილი. იქ აღელვების ნიადაგზე მოხდა შეხლა-შემოხლა, ფიზიკური დაპირისპირება. შევეკითხეთ, თუ რა მოხდა, გვითხრეს, რომ ექსპერტი დაადგენდა სიმართლეს. ჩვენც ველოდებით ექსპერტიზის პასუხს. ადრეც იყო კონფლიქტები, მაგრამ მადონა ვერ მოდიოდა ქმრის ოჯახიდან, ზეწოლა იყო, ეუბნებოდნენ, რომ სახლს გადაგიწვავთ, ძმას მოგიკლავთო.

ეთერ დავითაძე, გარდაცვლილის დედა:

რატომ თქვი უარი წამოსვლაზე მეთქი, ვკითხე და ჩემმა შვილმა მითხრა, რომ დამემუქრნენ, თუ წახვალ, ერთი ძმა გყავს და მოგიკლავთო, შემებრალა ჩემი ძმა და არ წამოვედიო. მისი ბოლო პასუხი ეს იყო. 16 წლის გავათხოვე, ნიშნობა, შემდეგ კი ქორწილი იყო. ქორწილიდან ორ თვეში დაიწყო უთანხმოება. ქმარი განსაკუთრებით უკრძალავდა ჩვენთან ტელეფონზე დალაპარაკებას. ჰო, დედაშენი იქედან გასწავლისო. რამდენჯერ დავაპირე ტელეფონის ყიდვა, მაგრამ მითხრა, დედიკო არ მომცე, აზრი არ აქვს, მაინც დაამტვრევსო. ძალადობის მსხვერპლი გახდა ჩემი შვილი. თვითმკვლელობამდე მიიყვანა სამმა პიროვნებამ, დედამთილმა, მამამთილმა და ქმარმა. ვიცოცხლებ, მოვკლავ, არ ვიცოცხლებ და მათი ბედი. დამიჭერენ და წამიყვანენ ციხეში, ციხის დედა ვატირე. ნახეთ ფოტოებზე რა შვილი გავატანე და როგორი მიწევს კუბოში. დასუსტებულია ძალიან. რა ძალადობაში იყო, რომ სამი შვილი გაწირა უდედობისთვის. არ დამითვალიერებია ჩემი შვილის ცხედარი, არ ვიცი რამე კვალი თუ აქვს ძალადობის, მაგრამ ძალიან დასუსტებულია.

მამუკა დავითაძე, გარდაცვლილის ძმა:

შემთხვევიდან სამი საათი იყო გასული, ჩვენ რომ გაგვაგებინეს. პოლიციაც გვიან მიიყვანეს, ჩვენ რომ მივედით, მეზობელიც არ იყო მისული. ფსიქოლოგიურად დააავადეს ჩემი და და მიიყვანეს თვითმკვლელობამდე. მამამთილი ჰყავს ისეთი, არ ვიცი, რა სიტყვებით შევამკო - არაკაცი, თავიდანვე აითვალისწუნა ჩემი და, მის შვილს უთხრა, ეს არ გამოგადგება ცოლადო და მას შემდეგ ყოველ დღე იყო ზეწოლები. ხეს რომ უთხრა გახმიო, გახმება. წამოყვანის მცდელობა გვქონდა. არ გვიშვებდნენ სახლში, პოლიციის თანხლებით ავედით. ჩემი და არ გამოგვყვა, ისეთ მდგომარეობაში ჩააყენეს, დააშინეს, რომ წამოსვლაზე უარი თქვა.

ვახტანგ დავითაძე, გარდაცვლილის მამა:

კონფლიქტი იყო ადრეც, ოჯახებს შორის უთანხმოება. შვილთან მისვლას მიკრძალავდნენ. თვითონ არ მოდიოდნენ, მადონასაც არ უშვებდნენ. ამდენი წელია გასული და ორ-სამჯერ არის მოსული, ისიც მაშინ თუ ახლობლის გასვენება იქნებოდა, შეუთვლიდით და გამოვიდოდა, ნახევარ საათში უკან მიდიოდა. არაფერს არ აკეთებსო, სახლის საქმეებზე ჰქონდათ პრეტენზია.

22 წლის მადონა დავითაძეს წლინახევრის, სამი წლის და ხუთი წლის შვილები ჰყავს. გარდაცვლილის მშობლები აცხადებენ, რომ ბავშვებს შარაშიძეების ოჯახში არ დატოვებენ. მათ გარდაცვლილის ცხედარი გუშინ საღამოს ექსპერტიზის შემდეგ მათ სახლში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში გადაასვენეს. უცნობია, სად იმყოფება გარდაცვლილის მეუღლე. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმე 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

თემის ყველა მნიშვნელოვანი განახლება თეგზე #ტრაგედია ხელვაჩაურში

იხილეთ ვიდეო

"საქართველოს ბანკის" დიღმის ფილიალი დააყაჩაღეს

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა