აჭარის რეგიონის სოფელ ქვედა სალიბაურში გარდაცვლილი 22 წლის მადონა დავითაძის მაზლი გიორგი შარაშიძე თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბრობს.
როგორც შარაშიძე იხსენებს, ტრაგიკული შემთხვევა გუშინ საღამოს, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა, მას შემდეგ, რაც დედამთილმა რძალი ჩვილი ბავშვის ტანსაცმლის ჩამოსატანად მეორე სართულზე გაუშვა.
"7-8 საათი იქნებოდა. ბავშვს ჰქონდა გამოსაცვლელი. ჩემი რძალი ავიდა მეორე სართულზე, თავის ოთახში ბავშვის ტანსაცმლის ჩამოსატანად. გავიდა 15 წუთი და რომ აღარ დაბრუნდა, დედაჩემმა ააკითხა და დახვდა ეს სიტუაცია - ყელზე ხალათის ქამარი ჰქონდა შემოჭერილი და იატაკზე იწვა. რატომ გააკეთა ეს, ჩვენთვის გაუგებარია", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
მისივე თქმით, წლების წინ ცოლ-ქმრის ოჯახებს შორის უკმაყოფილება იყო, თუმცა ბოლო პერიოდში ჩვეულებრივი ნათესაობა აღდგა.
"ძალიან ადრე, სანამ ბოლო 2 ბავშვი გაჩნდებოდა, იყო უკმაყოფილება ჩვენსა და ჩემი რძლის ოჯახებს შორის. ბოლო პერიოდში ჩვეულებრივი ნათესაობა გვქონდა. ისინი მოდიოდნენ ჩვენთან და ჩვენც მივდიოდით მათთან", - აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.
ამასთან, გიორგი შარაშიძეს მარცხენა თვალის არესთან აღენიშნება სისხლჩაქცევები და შეშუპება. როგორც მან განაცხადა, როდესაც რძლის ოჯახის წევრებმა მადონა დავითაძის ამბავი გაიგეს, სიძის ოჯახში მივიდნენ და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
მადონა დავითაძე 22 წლის იყო. მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. გარდაცვლილი ჩაქვში, მშობლების სახლშია გადასვენებული.
თემის ყველა მნიშვნელოვანი განახლება თეგზე #ტრაგედია ხელვაჩაურზე