ერეკლე გეწაძე მუსიკისა და დრამის თეატრის დასის წევრია. იმავდროულად, მონაწილეობს თუმანიშვილის თეატრის სპექტაკლში ''ცხოველების ფერმა''. ის მსახიობების - ზურა გეწაძისა და ნანუკა ლითანიშვილის უფროსი ვაჟია და აქვე იმასაც გეტყვით, რომ ''ცხოველების ფერმაში'' ოჯახის სწორედ ეს სამი წევრია დაკავებული. ახლახან რეჟისორმა ოთარ შამათავამ გადაიღო სერიალში ''ფსიქოპატთა თამაშები'', რომელიც მაია ბურჭულაძის თანამედროვე დეტექტიური ჟანრის წიგნის მიხედვით შეიქმნა. საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ...
- ერეკლე, დღედღეზე ''იმედის'' ეთერში სერიალი ''ფსიქოპატთა თამაშები'' დაიწყება. როგორც ვიცი, ერთ-ერთ სერიაში მონაწილეობ...
- თითო სერიაში ერთი ამბავია მოთხრობილი, ანუ ერთმანეთზე დამოკიდებული ეპოზოდები არ არის. სერიალში ვასრულებ მასაჟისტი, ჟიგოლო ანრის როლს. თან ბაიკერია, მოტოციკლით გადაადგილდება. დადის ხანში შესულ ქალებთან, მასაჟს უკეთებს, ალბათ, სხვა რამესაც და ამით აკეთებს ფულს (იღიმის).
- ანუ სექსუალურ მომსახურებას სთავაზობს...
- კი, ასეთი პერსონაჟია. თუ რაში სჭირდება ფული, მაყურებელი სერიალის სიუჟეტიდან შეიტყობს.
- თეატრისგან განსხვავებით, ტელევიზიით გამოჩენილი მსახიობი მაშინვე ხდება პოპულარული. მაყურებელი იწყებს მის გაიგივებას პერსონაჟთან. რა საერთოს ნახავენ ამ შემთხვევაში?
- ვერანაირ საერთოს. სერიალში ნაწილობრივ შეცვლილი მაქვს იმიჯი, თმა შეკრული და ნახევრად აწეული, ბლანჟეს ვატარებ. რახან ჟიგოლოა, მისი იმიჯი ქალებზე უნდა ყოფილიყო გათვლილი.
- თმა სერიალისთვის გაიზარდე თუ რამე სპექტაკლისთვის?
- ორივე მიზეზით. სერიალისთვის და ნინი ჩაკვეტაძის სპექტაკლისთვის, ესაა ოსკარ უაილდის ''დორიან გრეის პორტრეტი''. მუსიკისა და დრამის თეატრში ხუთ ძალიან მაგარ მსახიობთან ერთად, დორიან გრეის როლს ვასრულებ. სპექტაკლის პრემიერა ახლახან გვქონდა და ძალიან კარგად ჩაიარა.
- მანამდე თუმანიშვილის თეატრში ''ცხოველების ფერმა'' დაიდგა...
- დიახ, რომელშიც სამ როლს ვთამაშობ. თუმანიშვილის თეატრის მოწვევით საქართველოში ჩამოვიდა მსახიობი და რეჟისორი გაი მასტერსონი. მის კასტინგზე მონაწილე მსახიობებს რამდენიმე ცხოველი უნდა განესახიერებინათ. პირველივე შესვლაზე ხუთი ცხოველი განვასახიერე: მამალი, ძაღლი, ყვავი, აფთარი და ინდაური (იღიმის). ცხოველიდან ცხოველზე სწრაფად გადავდიოდი და ცოტა გაოგნებული დარჩა. მგონი, ამის გამო მომცა სპექტაკლში სამი როლი, აქედან ერთი ადამიანია - ფერმერი, გარდა ამისა, ძაღლსა და ცხენს განვასახერებ.
- ამავე სპექტაკლში დედ-მამასთან ერთად მონაწილეობ. არ ვიცი, მსოფლიოში არის თუ არა მსგავსი პრეცედენტი...
- მეტსაც გეტყვით, წლევანდელ ედინბურგის ფესტივალზე ეს სპექტაკლი 24-ჯერ ზედიზედ ვითამაშეთ, ბოლო წარმოდგენაზე ''ექსპერიმენტი'' ჩავატარეთ და ჩვენს ოჯახს კიდევ ერთი წევრი დაემატა, ჩემი პატარა და ნუცა გეწაძე. მან გოჭის როლი ითამაშა და ბოლოს ედინბურგის თეატრის სცენაზე ოჯახის ოთხი წევრი ვიდექით.
- ერეკლე, მუსიკით ხარ გატაცებული და კომპოზიციებს ქმნი...
- ეს გატაცება შემთხვევით ''აღმოვაჩინე''. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ჩემმა მეგობარმა მაჩვენა პროგრამა ''ბლეტონი'', რომელსაც სხვადასხვა ჟანრის მუსიკის შექმნის დიდი რესურსი აქვს. ექსპერიმენტებს შევყევი და ბოლოს აღმოჩნდა, რომ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. ამ ამბის განვითარება. ის იყო, რომ სინთეზატორი მაჩუქეს. ახლა უკვე შემიძლია შევქმნა თითქმის ყველა ჟანრის მუსიკა. ნამუშევარი მაქვს მძიმე როკზეც, ჰიპ-პოპზე და ა.შ. გავაფორმე ორი სტუდენტური სპექტაკლი, რომლებიც ჩემმა მეგობარმა, რეჟისორმა ანი ხიდაშელმა დადგა და ახლა მესამეზე მივიღე შემოთავაზება.