"საქართველოს ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზუსტად იმავე საფრთხის წინაშე დგას, რა საფრთხეც ქვეყნის დაუძინებელმა მტრებმა 1991 წლის აგვისტოს მიწურულს საქართველოსა და მის პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას შეუქმნეს!", - ეს არის ამონარიდი სტატიიდან, რომელიც გაზეთმა "ასავალ-დასავალმა" გამოაქვეყნა.
გაზეთი აღნიშნულ სტატიაში იმ საფრთხეების შესახებ წერს, რომელსაც, გამოცემის აზრით, პრემიერ ღარიბაშვილს გიგა ბოკერია და გივი თარგამაძე უქმნიან და ავტორის მოსაზრებით, "საკმარისზე მეტი სამხილები არსებობს იმისთვის, რომ პროკურატურამ ბოკერია და თარგამაძე დააპატიმროს". ამასთან, ავტორი თარგამაძეს "მორგის ყოფილ სანიტრად" მოიხსენიებს.
ამონარიდი სტატიიდან:
"დღეს შევარდნაძე მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ქვეყანაში ახალი სისხლის ტბების დაყენებას იეღოველების ცნობილი "შპიონის" გიგა ბოკერიასა და "მორგის" ყოფილი სანიტრის გივი თარგამაძის მეშვეობით გეგმავს!"
აღნიშნულ სტატიას გივი თარგამაძე Facebook-ზე ეხმიანება, რომელშიც არა გამოცემას, არამედ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.
Facebook/ გივი თარგამაძე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა":
"შვილო, ჰაკიმ, ნუ გეშინია. გიგაზე შენმა პატრონმა ხომ თქვა, მასონების მაგისტრიაო და ესენი კიდევ გატყუებენ, იეღოველები და რაღაც ეგეთებიო. ასე გატყუებენ ჩემზეც - სანიტრად მორგში ერთი წუთითაც არ მიმუშავია, სასწრაფოზე - კი, და კიდევ უროლოგია-ნეფროლოგიის ინსტიტუტის საოპერაციო ბლოკში, სადაც, მხოლოდ და მხოლოდ, გადარჩენის მიზნით, თირკმელებსა და ჰიდროცელეს, ანუ, ფიზიკური დაზიანების შედეგად განვითარებული შეშუპების შემთხვევაში, სათესლე ჯირყვლებს, ანუ, მამაკაცურად, კვერცხებს აჭრიდნენ. ეგ ვიცი, კი. შევარდნაძის დროს კობა ნარჩემაშვილის მიერ აღძრულ იმ საქმეს რაც შეეხება, მანდ ჩემი ადვოკატი მაშინ ეკა ბესელია იყო, დახურვით კი რამოდენიმე თვის წინ შენმა სასამართლომ დახურა. ასე რომ, მშვიდად იძინე, ამ ეშმაკებს მე დავაფრთხობ.
P.S. ხო, კიდევ: კობა ოთანაძე ცოცხალია სწორად იმიტომ, რომ მე სანიტრად სასწრაფოზე ვმუშაობდი და არა მორგში", - წერს თარგამაძე.