საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი, რომელსაც 22 წლის გოგონა გაუპატიურებასა და შანტაჟში ადანაშაულებდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. დაზარალებულის ჩვენება შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. კახეთის საინფორმაციო ცენტრი ცდილობს დააზუსტოს, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება საპატრულო პოლიციის ყოფილ ინსპექტორთან დაკავშირებით.
22 წლის გოგონამ შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და პროკურატურას განცხადებით მიმდინარე წლის აპრილში მიმართა. განმცხადებელი საჩივარში აღწერდა, რომ გაუპატიურების შემდეგ პატრულ-ინსპექტორი მას აშანტაჟებდა.
"მემუქრებოდა, ფოტოები მაქვს გადაღებული და თუ არ გინდა, შენმა ქმარმა ნახოს, ჩემთან ურთიერთობა უნდა გააგრძელოო. რომ მიჩივლო, არავინ დაგიჯერებსო. რამდენჯერმე მითხრა, მანქანას ისე დაგაჯახებ და მოგკლავ, ვერავინ ვერაფერს გაიგებსო. შემაშინა. ჩვენი ურთიერთობა მანამდე გაგრძელდა, სანამ ჩემმა მეუღლემ ტელეფონში მესიჯები არ ნახა. როცა მკითხა, რა ხდებაო, ყველაფერი მოვუყევი. იმ ღამითვე სახლიდან წამოვედი. თავის მოკვლა მინდოდა, მაგრამ მეუღლის ოჯახის წევრებმა დამიჭირეს და მშობლებთან წამიყვანეს. მეორე დღეს ბავშვები წამოვიყვანე და მას შემდეგ ჩემს მშობლებთან ვცხოვრობ. პატრულზე შურისძიების მცდელობის გამო ჩემი მამამთილი რომ დააკავეს, განცხადებით შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და პროკურატურას მივმართე, ყველაფერი დეტალურად აღვწერე. სამინისტროში განცხადების შეტანიდან ერთი თვის შემდეგ დამიბარეს, პროკურატურაშიც გამომკითხეს და მას შემდეგ არანაირი რეაგირება არ ყოფილა", - აღნიშნავდა გოგონა.
განმცხადებლის მამამთილი პოლიციამ 2014 წლის 11 აპრილს დააკავა. სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მივიდა ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან, სადაც იმყოფებოდნენ რაიონული პოლიციის თანამშრომლები ლ. ა და მ. რ. მამაკაცმა დაიწყო გინება. მას თან ჰქონდა ხელის მსხვრევადი ყუმბარა - ე.წ. "გირჩი", რომლის გამოსაკრავ რგოლზეც ხელი ეკიდა და ლ.ა-ს და მ.რ-ს აფეთქებით ემუქრებოდა. პოლიციის თანამშრომლებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და დასახმარებლად პოლიციაში დარეკეს. სამართალდამცავებმა მამაკაცი დააკავეს. პროკურატურამ დაკავებულს ბრალი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით წარუდგინა.