თითქმის ერთი წლის წინ, ჟანა ფრისკეს მეუღლემ, დიმიტრი შეპელიოვმა ”ფეისბუქის” გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა: "რაც მრავალი თვის განმავლობაში მხოლოდ ჩვენი ოჯახის საქმე იყო, სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა. ამიტომ გვსურს ნებისმიერი სპეკულაცია შევწყვიტოთ და მიგვაჩნია, რომ ჟანას თაყვანისმცემლებს უფლება აქვთ, სიმართლე იცოდნენ. ჩვენს ოჯახს მძიმე განსაცდელი დაატყდა თავს. ჟანას სიმსივნე აქვს. დაავადებას ვებრძვით და არც ერთი წამით არ ვწყვეტთ რწმენას. მივმართავთ ყველას ერთადერთი თხოვნით, გაგვამხნევონ კეთილი სიტყვითა და ლოცვით". განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, მრავალი თვე გავიდა, ჟანამ ქიმიოთერაპიის კურსი გაიარა, შემდეგ სამკურნალოდ ჩინეთშიც კი წავიდა. ამჟამად მომღერალი მოსკოვში მშობლების სახლში, მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს.
როგორც რუსი ჟურნალისტები წერენ, პირველივე დღიდან 31 წლის დიმიტრი შეპელიოვმა ყველა საზრუნავი საკუთარ თავზე აიღო: პასუხობდა გაუთავებელ კითხვებს ჟანას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, დაკავებული იყო კლინიკების და ექიმების შერჩევით, ყველანაირად ცდილობდა ავადმყოფი ჟანასთვის კომფორტი შეექმნა. გარდა ამისა, დიმიტრის მხრებზე, მათი შვილი, სამკურნალო და ოჯახის სარჩენი თანხის შეგროვებაც დააწვა. როგორც ოჯახის მეგობრები ამბობენ, ცნობილი ტელეწამყვანი მეუღლისთვის საჭირო ფულის შესაგროვებლად მთელ რუსეთში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დადიოდა სამუშაოდ, ხოლო დარჩენილ თავისუფალ დროს ოჯახთან ერთად ატარებდა.
"აღფრთოვანებული ვარ დიმიტრის სულის სიძლიერით. ერთხელ მასთან ერთად მომიწია მუშაობა, თავიდან მივიჩნიე, რომ ის უბრალო ნარცისი იყო. არ სვამდა, არ ეწეოდა. თუმცა, როდესაც გავიგე, რომ ჟანა მისი წყალობით არის ცოცხალი, დიდი სურვილი გამიჩნდა, ეს ადამიანი გულში ჩამეკრა", - აცხადებს ჟანა ფრისკეს მეგობარი და ჟურნალისტი ოთარ კუშანაშვილი.