ხაინდრავას სკანდალური ინტერვიუ: ივანიშვილსა და პატარკაციშვილებთან შეხვედრის დეტალები და უმწვავესი ბრალდებები ინგა გრიგოლიას

ხაინდრავას სკანდალური ინტერვიუ: ივანიშვილსა და პატარკაციშვილებთან შეხვედრის დეტალები და უმწვავესი ბრალდებები ინგა გრიგოლიას

რამდენიმე დღის წინ, გოგა ხაინდრავას მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან ინგა გრიგოლია და სხვადასხვა ტელეკომპანიები გააკრიტიკა, ხმაური მოჰყვა. რეჟისორის განცხადებას მოგვიანებით თავად ინგა გრიგოლიამ უპასუხა: "ჩვენ ვაშუქებთ იმ რეალობას, რაც ქვეყანაში ხდება და ასე ვაპირებთ კიდეც გაგრძელებას. მე,  როგორც გადაცემის წამყვანს, მსგავს ბრლდებებზე რეაქცია ნული მაქვს, თუმცა ქობულეთის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების მიმართ ამ ტონალობაში შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებებს, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლიდი", - განაცხადა ტელეწამყვანმა პირდაპირ ეთერში.

Ambebi.ge გოგა ხაინდრავას დაუკავშირდა.

- ბატონო გოგა გეცანით ინგა გრიგოლიას პასუხს?

- მოქალაქე გრიგოლიამ სრულად დაადასტურა ის ყველაფერი, რაც მე ვთქვი. მე ვთქვი, რომ ის არის პოლიტიკურად ანგაჟირებული. მან ეს იმით დაადასტურა, რომ ქობულეთის შეხვედრა და კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილი ახსენა პასუხის გაცემისას. ჩემთვის კარგად არის ცნობილი, ვისი პოლიტიკური დღის წესრიგია აბორტებიდან დაწყებული სინგაპურის მიწისძვრით დამთავრებული, ყველაფრის ბიძინა ივანიშვილზე დაბრალება. ესენი არიან ნაციონალები და სწორედ მათი დაკვეთა შეასრულა ინგა გრიგოლიამ. ბიძინა ივანიშვილს და ქობულეთის შეხვედრას ჩემს განცხადებებთან კავშირი არ აქვს.

ბევრჯერ გამიკეთებია მსგავსი ტიპის განცხადება, ახლა ამ თემის ივანიშვილთან დაკავშირება პოლიტიკური ანგაჟირების მაგალითია. ქალბატონი გრიგოლიას მოღვაწეობა არასდროს მაინტერესებდა, მით უმეტეს, ახლა. ქართული პრესა სავსე არის გრიგოლიებით. ამის განხილვას ნამდვილად არ დავიწყებდი, უბრალოდ, "იმედი" არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. ბევრი ენერგია მაქვს დახარჯული ამ არხზე და გული მწყდება პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები საკუთარი მიზნებისთვის რომ იყენებენ მას და არა საზოგადოებრივი ინტერესისთვის. ქალბატონ გრიგოლიას თუ საზოგადოებრივი ინტერესი აღელვებს, შეეძლო მე დავეპატიჟებინე ბოლო გადაცემაში და ერთად გაგვერკვია, რა უნდოდა. ეს არის სიცრუე და ტირაჟირება, თითქოს შეტევაა პრესის წინააღმდეგ. ეს ჯდება მარგინალური ჯგუფის, "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებში, რომელსაც გრიგოლია წლების მანძილზე ემსახურება. გოგა ხაინდრავას ინტერვიუ როგორ უნდა აღიქვა, როგორც შეტევა პრესაზე? - ამ შეხვედრის ქობულეთთან დაკავშირება ზუსტად "ნაციონალების" დაკვეთის შესრულებაა. ეს ქალბატონები და ვაჟბატონები ზუსტად ამ სქემით მოქმედებენ. დიდი ხანია გავშიფრე ეს სქემა და იმიტომ ვლაპარაკობ ხმამაღლა, რომ საზოგადოებაც გაერკვეს. გრიგოლიას განცხადებიდან ზუსტად ორ დღეში, მათი ბელადი გამოვიდა ტელევიზიით და იგივე ეპითეტებით ისაუბრა, რაც ქალბატონმა გრიგოლიამ ახსენა.

- გინდათ თქვათ, რომ ინგა გრიგოლიას ბელადი მიხეილ სააკაშვილია?

- რა თქმა უნდა. სააკაშვილი არის და ყოველთვის იყო გრიგოლიას ბელადი. უფლება აქვს გრიგოლიას, ემსახუროს სააკაშვილს, მაგრამ მოსწონს თუ არა ეს არხის ხელმძღვანელობას, თავად უნდა გაარკვიონ.

- თუ თვლით, რომ სააკაშვილი არის ინგა გრიგოლიას ბელადი, რატომ იღებდით მონაწილეობას მის გადაცემებში?

- ერთადერთხელ მივიღე მონაწილეობა მის გადაცემაში, როცა ერეკლე კოდუამ სკანდალური განცხადება გააკეთა ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე, ბადრის დედამ მთხოვა მონაწილეობა მიმეღო "რეაქციაში". ცალკე ვიჯექი გადაცემაში. გრიგოლიამ დიდი ხანია იცის ჩემი მოსაზრება მის შესახებ. ამის თაობაზე "იმედის" ხელმძღვანელს, გიორგი ბახტაძეს და რეზო საყევარიშვილსაც ვესაუბრე. ლონდონშიც ვიყავი, შევხვდი ინა გუდავაძეს და ბადრის ქალიშვილს ლიკა პატარკაციშვილს. ეს შეხვედრა ბევრად ადრე მოხდა, ვიდრე იქნებოდა ქობულეთის შეხვედრა და იმედია, ამას ბადრი პატარკაციშვილის ოჯახიც დაადასტურებს. გრიგოლიამ შეგნებულად იცრუა.

- რა შეხვედრა გქონდათ ქობულეთში და ვინ ესწრებოდა მას თქვენს გარდა?

- ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ჩემთან ერთად შეხვედრას დაახლოებით 30 კაცი ესწრებოდა, უმეტესობა იყვნენ ახალგაზრდები. საუბრის 80% ქვეყნის ეკონომიკას დაეთმო, ასევე ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, რა მოგვწონს და რა არ მოგვწონს. სხვა თემაზე საუბარი არ ყოფილა.

- ბატონო გოგა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თქვენ და ნიკუშა შენგელაია ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო გადაცემის თანაწამყვანები იქნებით, ადასტურებთ ამას?

- არ ვიცი, საიდან გაჩნდა ეს ინფორმაცია. წელიწადნახევარია უკვე ფილმს ვიღებ მერაბ კოსტავას შესახებ. არანაირ თანაწამყვანობას არ ვაპირებ. ვინ მოიგონა? სწორედ ეს არის პრესის უკიდურესობა, რომ მინიმუმ არ ამოწმებენ ინფორმაციას და ისე ავრცელებენ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ასევე დაგაინტერესებთ| როგორ პასუხობს ინგა გრიგოლია გოგა ხაინდრავას სკანდალურ ბრალდებებს

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა