88 წლის ზუგდიდელი ეთერ ცხადაია სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს ზაზა გოროზიას მისი ბიზნესის ხელის შეშლაში ადანაშაულებს და საქართველოს მთავრობას დახმარებას თხოვს.
"მთელმა საქართველომ იცის ჩემი საქმის არსი, ჩემს მიმართ განხორციელებული ძალადობის, ფსიქოლოგიური ზეწოლის, ადამიანის კონსტიტუციური უფლებების შელახვის, ფიზიკური და მორალური ზიანის მიყენების, ორჯერ გატაცების, ხელის მოტეხვის შესახებ. ამ ყველაფრის შემდეგ ჯანმრთელობა შემერყა. ეს ყველაფერი კეთდებოდა ფულის გამოძალვის მიზნით. ამას ჩადიოდა ნაცბანდიტების წარმომადგენელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია. ისინი შეგნებულად ხელს უშლიდნენ საწარმოს ამუშავებას. ამ ხუთი წლის განმავლობაში რისი გაკეთებაც ვერ შევძელი და რა ზიანი მიადგა ობიექტს, ეს ზარალი ექსპერტებმა უნდა შეისწავლონ. ვითხოვ, კომპენსაციას ზაზა გოროზიასგან 9 999 998 ლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვამცნობ მთელ მსოფლიოს, როგორ ექცევიან საქართველოში 88 წლის ქალს. ეს კი იმოქმედებს ქვეყნის იმიჯზეც.
2014 წლის დასაწყისში ზუგდიდში შევხვდი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ბატონ რიჩარდ ნორლანდს, რომელმაც 2014 წლის 16 მაისს, ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში ინტერვიუს დროს განაცხადა: "ჩემთან მოვიდა ხანდაზმული ქალბატონი, აჟიტირებულმა მითხრა, ამ მთავრობამ ბიზნესი წამართვაო" - აცხადებს ცხადაია.