ის, რაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ხდება, ის უმძიმესი მემკვიდრეობაა, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაგვიტოვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" მმართველობის 2-წლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
"ის რაც ხდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში – ეს არის უმძიმესი მემკვიდრეობა, უმძიმესი საკითხი ჩვენთვის. ეს არის ის, რაც დაგვიტოვა "ნაციონალურმა მოძრაობამ". დღეს ჩვენ ვიმკით იმ შედეგებს, რაც სიძულვილის ენას, მათ გაუაზრებელ ნაბიჯებს, პირველ რიგში, სააკაშვილის და დაუბალანსებელ პოლიტიკას მოჰყვა, უგუნურ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას მოჰყვა. სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს საქართველოს 20% ოკუპირებული რუსეთი მიერ და საქართველოს ტერიტორიაზე ახალი მავთულხართებია გაბმული. ოკუპირებულია წლობით ნალოლიავები, ნაფერები და შენარჩუნებული კოდორის ხეობა. ეს არ მომხდარა 20 წლის წინ, მოხდა სულ ახლახანს, წინა ხელისუფლების პირობებში, ორმაგი დევნილებიც კი მივიღეთ ჩვენ. ამ პოლიტიკის შედეგია ათი ათასობით ახალი დევნილი და საქართველოს შუაგულში გაჩენილი დევნილთა ახალი დასახლებები. ეს არის უმთავრესი გამოწვევა, რის წინაშეც ჩვენი ხელისუფლება დგას. ჩვენ საღი გონებით, წარსულის ანალიზით, თავშეკავებით, პროგნოზირებადი მიდგომით, მაგრამ პრინციპულობით, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივუახლოვდეთ ჩვენს უმთავრეს ოცნებას - ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში. ჩვენ უნდა შევძლოთ ნდობის აღდგენა, ამას ითხოვს ჩვენგან 21-ე საუკუნის პოლიტიკა და ის გზა, რასაც მე "საქართველოს ოქროს შუალედი ვუწოდე". ეს არის ერთის მხრივ, დაბალანსებული პოლიტიკა, ხოლო მეორეს მხრივ, განვითარებული და წარმატებული ეკონომიკა, რომელიც მიმზიდველი ხდება ჩვენი ძმებისთვისაც", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.