5 საუკეთესო ფილმი ცეკვის შესახებ

5 საუკეთესო ფილმი ცეკვის შესახებ

ალბათ, ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც ცეკვა არ უყვარს. შესაძლოა, თავად ვერ ცეკვავდეთ, მაგრამ მუსიკის გაგონებისას აუცილებლად შეათამაშებთ მხრებს, ეს ხომ ძალიან სახალისო საქმეა, თანაც, თუკი ბახუსის ზემოქმედების ქვეშ ხართ... მაგრამ ყოველთვის სასიამოვნოა კარგად მოცეკვავე ადამიანის ყურება სცენაზე თუ მის მიღმა და აქ ჟანრსაც არა აქვს დიდი მნიშვნელობა - ბალეტია ეს თუ ქუჩის ცეკვები.

ცეკვისას ყველაზე მნიშვნელოვანი ამა თუ იმ ილეთის ზედმიწევნით შესრულება არაა, რა თქმა უნდა, ესეც საჭიროა, თუმცა ყველა მოცეკვავეს საკუთარი სტილი გამოარჩევს და კიდევ გიჟური ვნება ცეკვის მიმართ.

ფილმებში ამის წარმოჩენა საკმაოდ კარგადაა შესაძლებელი. მაგალითად, გინახავთ, ჟღალთმიანი კარმენი სურათში სახელად ''კარმენის ვნებები''?! მას გასული საუკუნის 50-იანი წლების სექსსიმბოლო რიტა ჰეივორტი განასახიერებს და ერთ-ერთ ეპიზოდში, უბრალოდ, ბრწყინვალედ ასრულებს კარმენის მომნუსხველ ცეკვას. თუკი ცოტა აქეთ გადმოვინაცვლებთ, აუცილებლად გაგახსენდებათ მოცეკვავე პრემიერ-მინისტრი ფილმიდან ''რეალური სიყვარული'', ამ პერსონაჟს ჰიუ გრანტი ასახიერებს და არ არსებობს, მისი მხრების აცანცარება თქვენი ღიმილის პირდაპირპროპორციული არ აღმოჩნდეს, როცა თავის კაბინეტში თავს მარტო დაიგულებს და ბრიტანული ჰიტის ჰანგებზე აცეკვდება. მაგრამ არსებობს არა მხოლოდ კარგი საცეკვაო მომენტები ფილმებიდან, ისეთი, როგორიცაა ალ პაჩინოსა და მისი მშვენიერი პარტნიორის ტანგო შეუდარებელი ''ქალის სურნელიდან'', არამედ თავად ფილმები ცეკვების შესახებ. დღეს სწორედ საუკეთესო ხუთეული შეგირჩიეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ბევრი ძალიან კარგი ფილმი ამ სიის მიღმა დარჩა...

''ხომ არ ვიცეკვოთ?'' - 1937 წლის სურათმა კინომაყურებელთა გულები დაიპყრო. ფრედ ასტერისა და ჯინჯერ როჯერსის საცეკვაო შესაძლებლობები ყველამ შეაფასა და დააფასა. ფრედი თამაშობს ბალერონს, რომელსაც ჯინჯერის მოცეკვავე პერსონაჟი შეუყვარდება. ერთი სიამოვნებაა ამ შესანიშნავი წყვილის ყურება, მაყურებელს უჩნდება შეგრძნება, რომ მოძრაობები, რომელთაც ისინი ასრულებენ, ძალიან მარტივია, თუმცა, რასაკვირველია, ასე არ არის. უბრალოდ, მათ გამოსდით ასე კარგად ცეკვა.

''ადამიანი-ორკესტრი'' - 1970 წლის ფილმმა ლუი დე ფიუნესის მონაწილეობით კინომაყურებელზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. შეუძლებელია, მეხსიერებას არ შემორჩეს ქორეოგრაფი, რომელიც საკუთარ დასს ხელმძღვანელობს და ცეკვის გარდა, დასის წევრების პირად ცხოვრებაშიც აქტიურად ერევა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება