ქუთაისში მცხოვრები 22 წლის ახალგაზრდა ქალბატონი აცხადებს, რომ 6 წლის წინ მომავალმა მეუღლემ ის ცოლად ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით შეირთო. დაქორწინების შემდეგ კი მას ცემდა, აწამებდა და არაადამიანურად ექცეოდა.
"ქმარი მეუბნებოდა, რომ გაწამებ მსიამოვნებსო. ამიტომ დღეში ორჯერ-სამჯერ მცემდა. ერთხელ სტუმრები გვყავდა სახლში. საჭმელს ვაკეთებდი, დამიძახა, სასწრაფოდ მოდიო, ვუთხარი, ერთი წუთი დამელოდე, საჭმელი ჩამეწვება-თქო, ამაზე გაბრაზდა, მომვარდა და კედელზე ლამის მიმახრჩო. ახლა ჩემი მეუღლე ციხეშია. იქედან მითვლის, რომ როცა გამოვალ აუცილებლად მოგკლავო" - აცხადებს იმერეთში მცხოვრები ახალგაზრდა ქალბატონი, რომლის სახელსა და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ.
ახალგაზრდა ქალბატონის თქმით, მას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას დედამთილიც აყენებდა და რამდენიმე კვირის ფეხმძიმე კიბიდან დააგორა.