საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა უკრაინის ხელისუფლება ოქტომბრის დასაწყისში, დონეცკის რაიონებში კასეტური ბომბების გამოყენებაში დაადანაშაულა. როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია იმის საბოლოოდ დადასტურება, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ათასობით თავდასხმაზე, ბევრი სამხილი მიუთითებს, რომ უკრაინულმა მხარემ დონეცკში განხორციელებული რამდენიმე შეტევისას კასეტური ბომბები გამოიყენა.
ანგარიში ასევე ნათქვამია, რომ 2 ოქტომბერს დონეცკში "წითელი ჯვრის" თანამშრომელი იმ შეტევის დროს დაიღუპა, რომლის დროსაც კასეტური ბომბები იყო გამოყენებული.
თავის მხრივ, უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის განცხადებით, უკრაინელ სამხედროებს კასეტური ბომბები არ გამოუყენებიათ. "კასეტური ბომბებისა და ჭურვების გამოყენება აკრძალულია, ამიტომ ანტიტერორისტული ოპერაციის ძალები კასეტურ ბომბებს არ იყენებენ", - განაცხადა ანტიტერორისტული ოპერაციის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა ვლადისლავ სელეზნიოვმა. ხელშეკრულებაზე, რომელიც კასეტური ბომბების გამოყენებას კრძალავს, დღესდღეობით 114 ქვეყანას აქვს ხელი მოწერილი, მათ შორის უკრაინას. მსგავსი ტიპის ბომბების გამოყენება სამოქალაქო პირებისთვის საშიშროების გამო არის აკრძალული.