საკრუიზო ხომალდ "კარნივალ მეჯიკზე" ებოლას ვირუსის შემთხვევა არ დადასტურდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში უკვე გავრცელდა.
"იმ ადამიანს, ვინც გემზე ჰყავდათ გარკვეული პერიოდი იზოლირებული, ჩაუტარდა სისხლის ანალიზი და დადასტურდა, რომ პასუხი ებოლაზე უარყოფითია", -განაცხადა ამირან გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ საკრუზიო ხომალდზე მყოფებს, რომელთა შორის არიან საქართველოს მოქალაქეები საფრთხე ამ მხრივ არ ემუქრებათ.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, აგვისტოს შუა რიცხვებიდან აწარმოებენ იმ ადამიანებზე მონიტორინგს, ვინც საქართველოში ებოლათი დასენიანებული ოთხი ქვეყნიდან შემოდის. როგორც ამირან გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ეს ქვეყნებია: ნიგერია, ლიბერია, სიერა-ლეონე და გვინეა.
გამყრელიძის განმარტებით, ამ ოთხი ქვეყნიდან განსაკუთრებით სამშია გავრცელებული ებოლა, ხოლო ნიგერიამ უკვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ვირუსის გავრცელება შეაჩერა. "ამ ქვეყნებიდან საქართველოში აგვისტოს შუა რიცხვებიდან დღემდე შემოსულია 86 ადამიანი. აქედან უმრავლესობა, ერთის გარდა, იყვნენ ნიგერიელი სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უნივერსიტეტებში. ერთი იყო ლიბერიაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელიც იქ მუშაობდა.
ამ ადამიანებს საზღვარზე ურიგდებათ სამახსოვრო ქართულ და ინგლისურ ენაზე, სადაც ჩამოთვლილია ის სიმპტომები, რაც ებოლას ახასიათებს და საჭიროების შემთხვევაში მათ შეუძლიათ მიმართონ ან დარეკონ მითითებულ ტელეფონებზე.
ამ დაავადების მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდი არის 21 დღე და ამ პერიოდში მათზე ხდება ეპიდზედამხედველობა, რაც გულისხმობს იმას, რომ პერიოდულად, ჩვენი ეპიდემიოლოგი მათ ურეკავთ და მოიკითხავს რაიმე სიმპტომი, ხომ არ გამოჩნდა. 21 დღის შემდეგ ისინი იხსნებიან ზედამხედველობიდან. უმრავლესობა უკვე მოიხსნა ამ ზედამხედველობიდან და ამ ეტაპზე 13 ადამიანი რჩება ზედამხედველობის ქვეშ", - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ 1-ელ ოქტომბერს მიიღო განკარგულება ებოლასთან ბრძოლის ღონისძიებების გაძლიერებასთან დაკავშირებით, რომელშიც სხვადასხვა უწყებების მოვალეობებია გაწერილი.
"ეს გახლავთ სამოქმედო დოკუმენტი დღეს ქვეყანაში, რომლითაც ხდება პრევენცია შესაძლო შემთხვევის, რომლის ალბათობა ძალიან ნაკლებია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაგაინტერესებთ|
-ხათუნა გოგიტიძე – ჩემმა შვილმა გუშინ საღამოს დამირეკა და მითხრა, კარანტინზე ვდგებითო
-ხომალდზე, სადაც სავარაუდოდ ებოლას შემთხვევა დაფიქსირდა, საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფება