ხომალდ "კარნივალ მეჯიკზე" მყოფი ქართველი მეზღვაურის, ბაჩანა გოგიტიძის დედა, ხათუნა გოგიტიძე აცხადებს, რომ ის შვილს გუშინ საღამოს ესაუბრა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ხათუნა გოგიტიძემ განუცხადა, შვილმა დაურეკა და უთხრა, რომ სავარაუდოდ ერთ-ერთ მგზავრს ებოლას ვირუსი აღმოაჩნდა, რის გამოც პორტში კარანტინზე ბრუნდებოდნენ.
"გუშინ, საღამოს 9 საათზე დამირეკა ბაჩანამ და მითხრა, რომ ერთ-ერთ მგზავრს სავარაუდოდ აღმოაჩნდა ვირუსი ებოლა. ვბრუნდებით ამერიკის პორტში და კარანტინში ვდგებითო. საეჭვო მგზავრი 15 ოქტომბერს ამოვიდა ლაინერზე მეუღლესთან ერთად", - აღნიშნა ხათუნა გოგიტიძემ.
მისივე თქმით, ბაჩანა გოგიტიძე მესამედ წავიდა რეისში 20 სექტემბერს. მეზღვაურის დედის განცხადებით, მისი შვილი წელიწადზე მეტია მატროსის პოზიციაზე მუშაობს. ბაჩანა გოგიტიძე 23 წლის არის.
დაგაინტერესებთ| ხომალდზე, სადაც სავარაუდოდ ებოლას შემთხვევა დაფიქსირდა, საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფება
-საკრუიზო ხომალდ "კარნივალ მეჯიკზე" ებოლას შემთხვევა არ დადასტურდა