ილიას უნივერსიტეტში მომხდარი მკვლელობისა და თვითმკვლელობის ფაქტს თინა ხიდაშელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.
"დღეს საქართველოში ერთგან, ბევრი სადღეგრძელო დაილია ქალები ვადიდეთ, თამარ მეფეს ხოტბა შევასხით, გავიხსენეთ რომ ყველაფრის საწყისია დედა, ალბათ ლამაზი ლექსებიც ითქვა, ზოგი სკამზე შემდგარი დალევდა, ზოგიც ვახტანგურად ...
დღეს საქართველოში მეორეგან, კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი სიცოცხლეს გამოასალმეს ...
დღეს საქართველოში კიდევ სხვაგან პოლიციას და ხელისუფლებას გმობდნენ ოჯახური ძალადობის მომრავლებული ფაქტების გამო ...
მეოთხენი ქალების სოლიდარობას ითხოვდნენ და მისი ნაკლებობის გამო ისევ ქალებს უტევდნენ ...
მეხუთენი ... და ა.შ უსასრულოდ
ეს ერთმანეთში გადაჯაჭვული, ერთმანეთში არეული საყოველთაო გლოვა/დაგმობა და "კარგი ცხენი მათრახს არ დაიკრავს" "სიბრძნე" ხვალ ცოტა ვინმეს თუ ემახსოვრება, ასე იყო ამ თვეების მანძილზე და ასე იქნება მორიგ მსხვერპლამდე.
ბუნებრივია, შეგვიძლია ყველაფერი პოლიციას გადავაბრალოთ და თავი დავიმშვიდოთ რომ ყველა დანარჩენი არაფერ შუაში ვართ;
ასევე შეგვიძლია ყველაფერი ქალ პოლიტიკოსებს და მათ უმოქმედობას გადავაბრალოთ და დღეს მშვიდად დავიძინოთ რომ დანარჩენი ქვეყანა არაფერ შუაში ვართ;
მაგრამ მგონია სიმართლე სხვაგან არის და ყველას ჩვენი წილი ქვა გვაქვს დასადები, ყველას პასუხისმგებლობა გვაკისრია ყოველი წამისთვის როდესაც ვიცოდით რომ ჩვენს მეგობარს, დას, ნათესავს, მეზობელს შერაცხყოფდნენ, მასზე ძალადობდნენ, ცემდნენ, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, საჯაროდ ამცირებდნენ და ხმას არ ვიღებდით, იმიტომ რომ "მათი ოჯახის საქმეა". მერე იმ ოჯახებში ბავშვები იზრდებიან და ისინიც ან მოძალადეები ან ძალადობის მსხვერპლი არიან; ან სულაც ყველაზე და ყველაფერზე გულაცრუებული, ცინიკოსები იზრდებიან რომელიც როდის, რა მომენტში გადაწყვეტენ საზოგადოებას სამაგიერო გადაუხადონ არავინ იცის.
მიზეზიც და გამოსავალიც ჩემშია. ჩემში არა როგორც პოლიტიკოსში, არამედ ჩემში ერთ ცალ ადამიანში, ჩემი პასუხისმგებლობით ყოველ დუმილზე და ჩემი ვალდებულებით ყოველწამიერ მოქმედებაზე.
მანამ სანამ ამოვეფარებით ამ ორ ყველაზე კომფორტულ ფორმულას, რომ 1."იმის ბრალია (პოლიციის, პოლიტიკოსების)" და 2. გამოსავალი "ჩვენშია" მანამდე სულ მუდამ ამ დაგმობა / გულზე მჯიღის ცემაში ვიქნებით.
ერთხელ მაინც უნდა ვიყოთ აქტიური მოქალაქე და აქტიური მოქალაქე მხოლოდ იმას არ ნიშნავს რომ პრეზიდენტის მოთხოვნით გამართულ დემონსტრაციაზე დროშით ხელში ვირბინოთ,"- წერს თინა ხიდაშელი.
ნახეთ ყველა მნიშვნელოვანი განახლება თეგზე #ტრაგედია ილიაუნიში