ჩვენ მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ ინფორმაციას 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის დეტალებზე, დიდი რეზონანსი მოჰყვა. მკითხველმა იცის, როგორ ამხილეს ახალგაზრდა გოგო ღალატში და ამის გამო მას სოფლის ცენტრში როგორ გაუსწორდნენ. ქალი უმოწყალოდ სცემეს ქმრის ნათესავებმა, ქუჩაში ფეხშიშველი ატარეს და სოფლის დასანახავად შეარცხვინეს. ახალგაზრდა ქალმა 17 სექტემბერს თავი მოიკლა. ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტელევიზიებმა აიტაცეს და საგარეჯოს სოფელ იორმუღანლოში მომხდარ ფაქტს სიუჟეტები მიუძღვნეს.
ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ საგარეჯოს აზერბაიჯანულ სოფლებში მსგავს დანაშაულს ხშირად ჩადიან და აღკვეთას არავინ ცდილობს. სამწუხაროდ, აქ ქალის აზრს პატივს არავინ სცემს. მას როგორც ნივთს, ისე ექცევიან. აშკარაა, პრობლემას მოგვარება სჭირდება. ისიც თვალნათელია, სამართალდამცავები რომ თავის სიმაღლეზე იდგნენ და იქ კანონი კანონობდეს, მსგავსი დანაშაულის ჩადენას მოსახლეობა ვერ გაბედავდა.
სოფელ ლამბალოს ცენტრში მოსახლეობა დამხვდა შეკრებილი. ისინი თავისი ადათების შენარჩუნებაზე მსჯელობდნენ. მამაკაცებს არ მოსწონთ, რომ ახალგაზრდები სიყვარულით ქმნიან ოჯახებს და ამ ფაქტს აპროტესტებენ. ბოლო დროს ახალგაზრდა ბიჭები რისკზე მიდიან და გოგონებს იტაცებენ. თუ ბიჭმა მოასწრო მოტაცება და მერე გოგო იტყვის, რომ მას ის უყვარს, მაშინ წყვილი ოჯახს შეინარჩუნებს. თუ არა და, ბიჭს ისე გაუსწორდებიან, როგორც 21 წლის ულფუკარ გულიევს გაუსწორდნენ, გოგოს მოტაცების მცდელობისთვის. ამ დანაშაულისთვის სასჯელს გოგოს მამა იხდის. დღეს გოგო ამბობს, რომ ულფუკარი არ უყვარდა და ის მეგობრებთან ერთად ღამის 2 საათზე შეიჭრა მის სახლში, მძინარეს დაადგნენ თავზე, პირზე ხელი ააფარეს და ძალით ჩასვეს მანქანაში.
სწორედ ამ დროს მოუსწრო მათ გოგოს მშობლებმა და ულფუკარს ცემაში ამოხადეს სული. განსხვავებულია მოკლულის ოჯახის წევრების პოზიცია. ისინი ამბობენ, რომ მათ ერთმანეთი უყვარდათ, გოგომ ბიჭი დაიბარა სახლთან, მანქანაში თავისით ჩაჯდა, მანქანა ვერ დაქოქეს და ამ დროს მოუსწრო გოგოს ოჯახის წევრებმა. მტყუან-მართალს იმედია, სამართალდამცავები გაარკვევენ, მაგრამ არსებობს რეალური საშიშროება, რომ ბიჭის ოჯახი ფიზიკურად გაუსწორდეს გოგოს ოჯახის წევრებს და გოგოს ძმებზე იძიონ შური.