მეტეხის ხიდიდან გალაკტიონის ხიდამდე მოძრაობა პარალიზებულია. Ambebi.ge-ს მკითხველი ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა, რომელმაც საცობის ამსახველი ფოტომასალაც მოგვაწოდა.
"თითქმის უკვე ერთი საათია, სამსახურში მისვლას ვცდილობ. თბილისში ასეთი საშინელი საცობი ჯერ არ მინახავს. დედაქალაქის ეს ნაწილი, თავისუფლად შეიძლება ითქვას, პარალიზებულია. აზრი არ აქვს, რომელი ქუჩებით შეეცდები გადაადგილებას, მოძრაობა ყველა ქუჩაზე გაჩერებულია.
სანაპიროს ქუჩაზე, იუსტიციის სახლთან ჩასასვლელი გზა თავად პატრულს ჰქონდა დაკეტილი. მომიწია ალტერნატიული გზით წასვლა საბურთალოს მიმართულებით, თუმცა მორიგი დიდი საცობი თაბუკაშვილის ქუჩაზე დამხვდა. მოძრაობა პარალიზებულია ელბაქიძესა და გალაკტიონის ხიდთან. აქ საპატრულო პოლიცია ცდილობს მოძრაობის გაწმენდას, თუმცა როგორც ვხედავ, ამას შედეგი არ მოაქვს", - ამბობს Ambebi.ge-სთან საუბრისას.
Ambebi.ge კომენტარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ მოძრაობის შეფერხება ბუნებრივი აირის მილის დაზიანებას და მასზე მიმდინარე სამუშაოებს უკავშირდება. თუმცა, როგორც Ambebi.ge-ს "ყაზტრანსგაზ თბილისში" განუცხადეს, მილის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია.
"გაზის მილი იყო დაზიანებული, მაგრამ უკვე ერთი საათია, რეაბილიტაცია დასრულებულია. ახლა ალბათ, ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს", - განაცხადეს კომპანიაში.
მათივე განმარტებით, დაზიანებული მილის აღდგენის მიზნით სპეციალური ბრიგადა ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა.