თიკა ფაცაცია ''მარაო რუსთავი 2''-ზე კვირაში ერთხელ, ნუკი კოშკელიშვილსა და ზალიკო ბერგერთან ერთად, ქალბატონების ბედის შეცვლას შეეცდება. ''შეიცვალე'' მხოლოდ გარეგნულ ცვლილებებს არ ეხება - წამყვანებს სურთ, ქალბატონების ცხოვრებაში, რომლებსაც პრობლემები აქვთ, არამხოლოდ ვიზუალური ცვლილებები შეიტანონ...
- თიკა, საქმიანი ქალი ხარ, სამი შვილის დედა. ახლა კი მაია ასათიანისგან ახალი გადაცემის წაყვანის შეთავაზება მიიღე... ხომ არ დაფიქრდი, მოვასწრებ თუ არაო?
- ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვისაც მაიამ ამ ტელევიზიის ამბავი გაანდო და ძალიან გამიხარდა. ეს არის არხი ქალბატონებისთვის, რომელსაც დილიდან ჩაუსხდებიან და ძალიან ბევრ რამეს გაიგებენ. მიხარია, რომ ქალებს ასეთი ყურადღება მიექცევათ. თანაც, ეს ''რუსთავი 2''-ის წამოწყებაა, საერთო საქმეა, გრაფიკის კუთხით ''მარაომ'' ძალიან შემიწყო ხელი, ამიტომაც დროის დეფიციტის პრობლემა მოიხსნა.
- გაქვს თავისუფალი დღეები?
- მაქვს. ძალიან მიჭირს, შეველიო უქმეებს, მით უმეტეს კვირა დღეს, რომელიც წმინდაა და სულ ვამბობ, რომ მას არავინ უნდა შეეხოს, რადგან უპირველესად, მშობელი ვარ. გამონაკლისი თუ არ არის, კვირას არ ვეხები, დანარჩენი დღეები დატვირთულია. ეს მომწონს კიდევაც. როცა სახლიდან არ გავდივარ, ის დღე ფუჭად მიმაჩნია. თუნდაც ბავშვებს რომ გავიყვან სახლიდან, ამასაც ფიზიკურ აქტივობად მივიჩნევ.
- ზოგი ქალი ოცნებობს ისეთ მეუღლეზე, რომელიც მისცემს საშუალებას, მხოლოდ სახლში იყოს.
- არა, მე ასეთი ფსიქოტიპი არ ვარ. ჩემთვის აქტიურობა უმნიშვნელოვანესია, პასიური ცხოვრება ცუდი განწყობის საფუძველს მაძლევს. სადაც საჭირო ვარ და მოთხოვნაა ჩემზე, იქ აუცილებლად ვარ.
- მოდი, გადაცემაზე ვილაპარაკოთ.
- მას ნუკი კოშკელიშვილთან ერთად გავუძღვები. გადაცემას ჰქვია ''შეიცვალე''. საერთოდ, გადაცემები სწორედ იმ ნიშნით დაკომპლექტდა, რაც ხალხს აინტერესებს, ყვითელ ამბებს ვგულისხმობ, მაგრამ ჩვენი გადაცემა ამ ჩარჩოდან ცოტა გავიდა. ეს არის ქალების მორალური მხარდაჭერა და არ გულისხმობს ერთდღიან ცვლილებას. მხოლოდ წარბის კორექციით არ დავკმაყოფილდებით. ვესტუმრებით და დავეხმარე-ბით მათ, ვისაც გლობალური ცვლილებები სჭირდება უკეთესი მომავლისთვის. ეს ძალიან ემოციურია ჩემთვის. გავხდები მონაწილე უამრავი კეთილი საქმისა, რომელსაც ზემოხსენებული გადაცემა გააკეთებს.
- ვიცი, რომ რამდენიმე გადაცემა უკვე ჩაწერეთ. როგორი ქალები გაიცანით?
- მოდი ასე ვთქვათ – პრობლემური ქალები. ქართულ ყოფას რომ გადავხედოთ, ყოველ მეორე ნაბიჯზე შევხვდებით ადამიანებს ამა თუ იმ პრობლემით. ბევრ ქალს ფსიქოლოგიური მხარდაჭერა სჭირდება, არ არის თავდაჯერებული, აქვს კომპლექსები და ბარიერები, რომლებსაც თავად უქმნის საკუთარ თავს. არიან ასევე ქალები ჯანმრთელობის პრობლემით ან უბრალოდ, სხვა რამ აწუხებთ. მოტივაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გარეგნობის შეცვლაზე ვიმუშავებთ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ სახეზე მაკიაჟის გარდა, ბევრს სჭირდება ე.წ. სულიერი მაკიაჟიც (იღიმის). გარეგნული ცვლილებები იქნება, მაგრამ პრიორიტეტს ფსიქოლოგიურ დახმარებას ვანიჭებ.
იხილეთ გაგრძელება