თურქული "ქასიმფაშას" ქართველმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ ყოველკვირეულ ჟურნალ Футбол-ს ვრცელი ინტერვიუ სტამბულში მისცა, რომელსაც აქ მცირე ცვლილებებით შემოგთავაზებთ. ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს მეორე ნაწილს.
- კახა კალაძე პოლიტიკოსია, თქვენ შეგეძლოთ იგივე გზის გავლა?
- ჩვენ ყველა ცოტ-ცოტა პოლიტიკოსები ვართ. პოლიტიკა რთული არაა, უნდა იცოდე ხალხთან ურთიერთობა. ჩვენ ეს ვიცით.
- ჰოლანდიაში თქვენ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გსტუმრობდათ, უყვარს მას ფეხბურთი?
- მიშა საქართველოს გულშემატკივარია. ის ფიგურულ სრიალზეც წავა თუ იქ ელენე გედევანიშვილი გამოდის. ის ჩემთან მაშინ იყო, როცა იუსტიციის მინისტრი იყო და შემდეგ, როცა პრეზიდენტი გახდა. მის ოჯახს კარგად ვიცნობ. სააკაშვილს ბევრის გაკეთება უნდოდა, მაგრამ დალოდება არ სურდა. მაგრამ დრო ყველას გვამარცხებს, მის წინააღმდეგ შანსი არა გვაქვს.
- როცა გიორგი დემეტრაძე ციხეში მოხვდა, ეხმარებოდით?
- ყველა ხერხით. თხოვნით, რეკვებით, გვაიმედებდნენ დახმარებას, მაგრამ ეს არ გააკეთეს. ის მხოლოდ მერე გამოუშვეს, რაც ქვეყანაში ხელისუფლება გამოიცვალა. ის არ იყო დამნაშავე, უბრალოდ ცუდ სიტუაციაში მოხვდა. არავის ამის გაგება არ სურდა. დემეტრაძის წინააღმდეგ საჩვენებელი პროცესი მოაწყვეს. სხვათა შორის, ის ახლა "ტორპედოს" პრეზიდენტია.
- თქვენ თუ გქონიათ კრიმინალთან შეხება?
- არასოდეს. სამწუხაროდ, არ გაუმართლდა კალაძეს, რომელსაც ძმა მოსტაცეს.