რამდენიმე დღის წინ დიდ დიღომში, კორპუსის მშენებლობის დროს ერთ-ერთ მუშას, გია ზარიძეს ფეხებზე 4 ტონა არმატურა დაეცა. დაზარალებული ღუდუშაურის კლინიკაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 13 ოქტომბრამდე მკურნალობდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი რეანიმაციიდან 13 ოტომბერს გაწერეს. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღსანიშნავია, რომ მშენებლობას შ.პ.ს. "ლუმაქ ჯგუფი" ახორციელებს.
Ambebi.ge დაინტერესდა, ვინ არის პასუხისმგებელი სამსახურში ადამიანების უსაფრთხოებაზე და რა კანონები იცავს ანალოგიური არასასიამოვნო შემთხვევების დროს დაზარალებულს.
აღნიშნულ საკითხებს შრომითი უსაფრთხოების კანონი უნდა არეგულირებდეს, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი, რას ნიშნავს შრომითი უსაფრთხოება და რა ვალდებულებებს აკისრებს ის დამსაქმებელს. თუმცა, ეს ვალდებულებები შეტანილია საქართველოს შრომის კოდექსში. შრომის კოდექსის 35-ე მუხლი უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უფლებას ეხება და მასში აღნიშნულია, რომ დამსაქმებელი ვალდებულია დანერგოს პრევენციული სისტემა, რომელიც შრომის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. დამსაქმებელი ასევე ვალდებულია დასაქმებულს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ, პრევენციის ზომებისა და საფრთხის შემცველ აღჭურვილობასთან მოპყრობის წესების შესახებ. დამსაქმებლის ვალდებულებაა საჭიროების შემთხვევაში, დასაქმებული დამცავი აღჭურვილობით უზრუნველყოს და მიიღოს ყველა სხვა საჭირო ზომა დასაქმებულის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დასაცავად.
კანონის მიხედვით, დამსაქმებელი ასევე ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით მიყენებული ზიანი და აუცილებელი მკურნალობის ხარჯები.
იმის გასარკვევად, აუნაზღაურა თუ არა "ლუმაქ ჯგუფმა" დაზარალებულს მკურნალობის ხარჯები, ambebi.ge გია ზარიძეს დაუკავშირდა. მისი პასუხი შეკითხვაზე, დაფარა თუ არა მისი მკურნალობის ხარჯები სამშენებლო კომპანიამ, დადებითია.
"ახლა ჩემი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ სიარული ჯერ არ შემიძლია. 2 თვე უნდა ვიწვე", - აღნიშნავს ზარიძე.
2 თვის შემდეგ, შესაბამისი სამედიცინო პროცედურების ჩატარებით, გაირკვევა, როდის შეძლებს გავლას დაზარალებული. გია ზარიძე სამშენებლო კომპანიას არ ადანაშაულებს. მისი ინფორმაციით, მომხდარი უბედური შემთხვევა იყო.
იმის გარკვევა, მართლაც იყო თუ არა ეს ფაქტი შემთხვევითობა, შსს-ს პრეროგატივაა, მაგრამ იმის გამო, რომ დაზარალებული პრეტენზიას არ გამოთქვამს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის გამოძიება არ დაიწყო.
თუმცა ხშირად კანონი მხოლოდ ქაღალდზე დაწერილ სიტყვებად რჩება. საქართველოში მშენებლობის დროს დაზარალებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა საგანგაშოა. პროფესიული კავშირის გაერთიანების მონაცემებით, ბოლო 6 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე 273 ადამიანი დაიღუპა, 500-მდე კი მძიმედ დაშავდა. ეს ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად კანონის არსებობისა, მას არ იცავენ, რაც თავის მხრივ, სამუშაო პროცესის უკონტროლობაზე მეტყველებს.
შრომითი ურთიერთობების მონიტორინგს შრომის ინსპექცია უნდა ახორციელებდეს, რომელიც საქართველოში ამ ეტაპზე არ არსებობს. როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტში აცხადებენ, ამჟამად ორ კანონპროექტზე მიმდინარეობს მუშაობა.
ერთ-ერთი კანონპროექტი შრომის ინსპექციის შესახებაა, მეორე კი - პროფესიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესახებ. ორივე კანონი ამ ეტაპზე ჟენევის საერთაშორისო ორგანიზაციაშია გადაგზავნილი, რათა მოხდეს მათი გადამოწმება. ჟენევიდან მიღებული შენიშვნების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში გარკვეული ცვლილებები შევა კანონპროექტებში და ამის შემდეგ წარედგინება ისინი საქართველოში შესაბამის სტრუქტურებს.
კანონპროექტის წარდგენა, როგორც შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტში აცხადებენ, 2014 წლის ნოემბრისთვის იგეგმება.
ამოქმედდება თუ არა ეს კანონები მომავალი წლიდან მაინც, სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობაზეა დამოკიდებული. მანამდე კი, დასაქმებულებს უფრო მეტი სიფრთხილის გამოჩენა მართებთ, რადგან შედეგები შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს.
თამარ კორკოტაშვილი
AMBEBI.GE
იხილეთ ასევე: "იმ დროს, როცა სამშენებლო კომპანია უზარმაზარ მოგებას ნახულობს, ჩირად არ უღირს მშენებლობაზე მომუშავე ადამიანების სიცოცხლე"