"ცეკვავენ ვარსკვლავების" ბოლო ტურზე ალბათ, ცოტა ადამიანმა შეამჩნია, რომ მარიამ სანოგოს მეწყვილე, მოცეკვავე რეზიკო რობაქიძე ცეკვის დაწყებისას დაშავდა. "ჩა ჩა ჩას" შესრულების დროს, რეზიკო რობაქიძემ სცენიდან ჩამოსვლის წინ, ერთ-ერთი ილეთის შესრულების დროს თავი დაარტყა და ტვინის მძიმე შერყევა მიიღო. ამის მიუხედავად, ცეკვა ბოლომდე შეასრულა და ინციდენტი, რომელიც ცეკვის დროს შეემთხვა, მხოლოდ გოჩა ჩერტკოევმა შეამჩნია.
როგორც Ambebi.ge-მ შეიტყო, რეზიკო რობაქიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას საკონკურსო დღე არ ახსოვს. Ambebi.ge რეზიკო რობაქიძის მეწყვილეს, მარიამ სანოგოს დაუკავშირდა:
– კიბიდან ჩამოსვლის დროს რეზიკო ცუდად დაეცა და ტვინის შერყევა მიიღო. ამის მიუხედავად, ბოლომდე იცეკვა, მეც მერე გავიგე, ტვინის შერყევა რომ მიიღო. ძალიან ცუდად იყო ბოლოს და სასწრაფო გამოვიძახეთ, საავადმყოფოში გადაიყვანეს და წოლითი რეჟიმი აქვს.
– ამბობენ, რომ ტრავმა იმდენად მძიმე იყო, რეზიკოს ყველაფერი დაავიწყდა, მართალია?
– ცეკვის მომენტი არ ახსოვს, რა მოხდა, ვერ იხსენებს.
– განაახლეთ რეპეტიციები? ვისთან ერთად იცეკვებთ შემდეგ ტურში?
– რას ვაპირებ, ზუსტად ვერ გეტყვით. რეპეტიციები არ განმიახლებია.
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE