თანამედროვე ეპოქაში მუზეუმების ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვა საკმაოდ დიდ თანხებსა და კრეატიული ადამიანების ჩართულობას მოითხოვს. თუმცა, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ასეთი მუზეუმები ჩვენთვის ფუფუნებაა. ქართული მუზეუმების უმრავლესობა არასათანადოდაა მომზადებული არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი ვიზიტორების მისაღებად. ის მუზეუმებიც კი, რომლებსაც ბოლო პერიოდში რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ე.წ. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, მსოფლიოს სხვადასხვა კრეატიული მუზეუმების ფონზე, განსაკუთრებულს ვერაფერს სთავაზობენ მნახველს - ცხადია, აქ არ იგულისხმება ექსპონატების მნიშვნელობა და ღირებულება.
საქართველოს სატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2013 წელს საქართველოში სულ 191 მუზეუმია. მათგან 60 - ისტორიული, 2 - ლიტერატურული, 19 - ხელოვნების, 12 - მუზეუმ-ნაკრძალი, 78 - მემორიალური და 20 სხვა სახის მუზეუმია.
როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, მუზეუმების უმრავლესობა, პირველ რიგში, რეაბილიტაციას საჭიროებს. ბოლო დროს რეაბილიტირდა და თანამედროვე საშუალებებით მოეწყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შემავალი მუზეუმები.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2004 წელს დაარსდა და ის დღეს ყველაზე დიდი სამუზეუმო გაერთიანებაა საქართველოში. მის შემადგენლობაშია: 11 მუზეუმი, ეროვნული გალერეა, 4 სახლ-მუზეუმი და 2 სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.
ეროვნული მუზეუმი დამთვალიერებელს მრავალფეროვან კოლექციებს სთავაზობს: ესენია - ევრაზიაში აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ნაშთები, უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები, ბუნების ისტორიის ამსახველი მასალა, ქრისტიანული კულტურის მდიდარი მემკვიდრეობა - ჭედური და ფერწერული ხატები, ჯვრები, ნაქარგობა, ტიხრული მინანქარი;
ასევე მუზეუმში დაცულია პირველხარისხოვანი აღმოსავლური ძეგლები, ნუმიზმატიკის მდიდარი კოლექცია, ოქროსა და ვერცხლის ნატიფი სამკაულები ანტიკური კოლხეთიდან და სხვადასხვა დროის ქართველი და ევროპელი მხატვრების ნამუშევრები.
ეროვნული გალერეა
ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შედის ეროვნული გალერეა, რომლის არსებობის ისტორია თითქმის საუკუნეს ითვლის. მისი დაარსება (1920წ.) ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მხატვრის, დიმიტრი შევარდნაძის სახელს უკავშირდება.
ეროვნული გალერეის პირველი ექსპოზიცია 1920 წლის ოქტომბერში შედგა. გალერეის საგამოფენო პოლიტიკა პირველივე წლებიდან ქართული და არაქართული, ძველი და ახალი პერიოდების სახვითი ხელოვნების ნიმუშების შგროვება-გამოფენას წარმოადგენდა. დიმიტრი შევარდნაძე მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებდა ხელოვნების ნიმუშებს - ყველა ფასეულობას, რაც შექმნილა ან მოხვედრილა საქართველოს ტერიტორიაზე.
შედეგად, ექსპოზიციაში განთავსდა მე-18 მე-19 საუკუნეების ქართული პორტრეტული ფერწერა, რუსული, დასავლეთ ევროპული, ირანული და თანადროული ქართული მხატვრობა.
2007 წელს ეროვნული გალერეა ეროვნულ მუზეუმს შეუერთდა. მოხდა გალერეის შენობის ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქცია, რომლის შედეგად უცვლელი დარჩა ნაგებობის ცენტრალური ფასადი და საგამოფენო სივრცე.
ამჟამად, განახლებულ გალერეაში 8 დარბაზი ფუნქციონირებს, შექმნილია სარესტავრაციო ლაბორატორია, დროებითი გამოფენების ორგანიზებისათვის საჭირო ექსპონატთა საცავი, სასწავლო სივრცე და ფუნქციონირებს მაღაზია.
სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი
კიდევ ერთი რეაბილიტირებული მუზეუმია სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი, რომლის ისტორიაც, მსგავსად ეროვნული გალერეისა, თითქმის საუკუნეს ითვლის. მუზეუმის რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ საგამოფენო დარბაზები მოეწყო და აღიჭურვა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. შეიქმნა სარესტავრაციო ლაბორატორია და საცავები.
მუზეუმში გაკეთდა მუდმივი ექსპოზიციის 6 დარბაზი. დამთვალიერებელი ისტორიაში მოგზაურობას სვანეთში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალით იწყებს, შემდეგ კი მას ნუმიზმატიკური კაბინეტის ნახვა შეუძლია. მომდევნო დარბაზები ქრისტიანულ საგანძურს ეთმობა, სადაც გამოფენილია IX-XVIII საუკუნეებში შექმნილი მსოფლიო მნიშვნელობის შედევრები: ორმოცი სებასტიელი მოწამის ხატი, ბიზანტიური ნაქარგი ხატი, ვენეციური ჯვარი, თამარ მეფის მიერ შეწირული სურა, მოხატული ხელნაწერის ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ადრეული ნიმუში - ადიშის ოთხთავი, 897 წ. და სხვა. ბოლო გალერეა მნახველს მდიდარ ეთნოგრაფიულ მასალას წარუდგენს.
როგორც ჩანს, ფინანსური რესურსების არარსებობის გამო, მუზეუმების განახლება შენობის რეაბილიტაციასა და ექსპოზიციების გამრავალფეროვნებას მოიცავს. ასევე ხორციელდება სხვადასხვა საინტერესო პროგრამები, ინოვაციური მეთოდების დანერგვა კი, ჯერჯერობით, სამომავლო პერსპექტივაა.
თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ერთი პოზიტიური ფაქტი: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მუზეუმები თანამედროვე, ინოვაციური აღჭურვილობით ვერ აოცებენ მნახველს, მათში დაცული კოლექციების დიდი მნიშვნელობა და ღირებულება დაინტერესებული ვიზიტორის კმაყოფილებას იწვევს.
თამარ კორკოტაშვილი