მიმდინარე წლის სექტემბერში, სირიაში შეტაკების დროს 18 წლის ბესო კუშტანაშვილი დაიღუპა, რომელიც პანკისის ხეობის სოფელ ომალოში ცხოვრობდა. ბესო კუშტანაშვილი სირიაში პანკისელ მებრძოლებს შორის უკვე მე-6 მსხვერპლია. რატომ და რა გზით მიდიან პანკისის ხეობიდან ახალგაზრდები სირიაში საომრად? ამ და სხვა საკითხებზე კახეთის საინფორმაციო ცენტრი პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრს ხასო ხანგოშვილს ესაუბრა.
- როგორ ხვდებიან აქაური ახალგაზრდები სირიაში? რა იცით, რა გზით და რატომ მიდიან, რა ინტერესები აქვთ?
- სირიაში თურქეთის გავლით ხვდებიან. საქართველოდან მიდიან თურქეთში როგორც სამუშაოდ, იქ ხდება ამ ორგანიზაციის წევრებთან კონტაქტების დამყარება და შემდეგ გადადიან სირიაში. რატომ მიდიან? მათ რომ ჰკითხო, ეს ვალდებულებაა. ყველა მუსლიმი ვალდებულია მხარი დაუჭიროს მეომარ მუსლიმს, რომელიც ებრძვის მტერს. მტერში უნდა იგულისხმებოდეს ის, ვინც ხელს უშლის მუსლიმური რელიგიის აღმსარებლობას, ან კიდევ შენს ქვეყანას შემოესია და დაპყრობით ომს აწარმოებს. აქედან სირიაში საომრად წასული ახალგაზრდების არგუმენტები არ ჯდება ამ ჩარჩოში. ჯერ ერთი, ეს ჩვენი ომი არ არის, არც ქისტების ომია ეს და არც ქართველების ომი. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ. საქართველო თუ რომელიმე ქვეყანასთან საომარ მოქმედებაშია ჩართული, ამ შემთხვევაში უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენი საქმე არ არის, რომ სირია იქნება ეს, თუ არაბული სამყაროს რომელიმე ქვეყანა, იქ წავიდეთ და ვიომოთ.
ახლა მეორე მხარეზე ვიმსჯელოთ. არის თუ არა ეს ე.წ. ჯიჰადი. არც ჯიჰადის მოთხოვნებში ჯდება, იმიტომ, რომ ყურანით სასტიკად აკრძალულია მუსლიმის მიერ მუსლიმის მოკვლა. ამას ღმერთი გამოკვეთილად მიუთითებს, რომ უსასტიკესად დავსჯი, რომელიც მოკლავს მუსლიმს. იქ ვინ იბრძვიან? მუსლიმები არიან ორივე მხარეს. პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მხარესაც მუსლიმები იბრძვიან, აქეთაც, ოპოზიციაშიც მუსლიმები არიან. ერთმანეთს ეომებიან.
პირადად მე და პანკისის ხეობის მოსახლეობის დიდი ნაწილი, დარწმუნებული ვარ წინააღმდეგია სირიის ომში ჩვენი ახალგაზრდები რომ მონაწილეობენ. ერთსაც გეტყვით, თვით ამ ახალ მიმდინარეობაში, დავარქვათ ამას გნებავთ ვაჰაბიტური, გნებავთ, როგორც თვითონ იტყვიან ხოლმე, სალაფიდური, რომელიც არის რადიკალური მიმდინარეობა, ამ რადიკალურ მიმდინარეობაშიც არის ზომიერი ფრთა, ჭკვიანი ხალხი. მე ნაკლები ურთიერთობა მაქვს ამ ახალი მიმდინარეობის ახალგაზრდებთან, მაგრამ როგორც ვიცი, მათ შორისაც არის წინააღმდეგობა.
- რაზე ვერ თანხმდებიან?
- უნდა წავიდნენ თუ არა სირიაში საომრად.
- ამას ხომ არ უკავშირდება სოფელ ჯოყოლოს იმამის აიუფ ბორჩაშვილის გადადგომა?
- გადმოცემის მიხედვით, განხეთქილება არის და ზუსტად ამ საკითხებს უკავშირდება.
მთელი მსოფლიო როცა წინააღმდეგია "ისლამური სახელმწიფოს" ჩამოყალიბების, სახელმწიფოს ჩამოყალიბების წინააღმდეგნი კი ვერ იქნებოდნენ, სახელმწიფო რომ იდგეს დემოკრატიულ, ჰუმანურ პრინციპებზე, მაგრამ როდესაც ჩადიხარ ისეთ საშინელებებს, როგორიც არის თავების მოჭრა, ტყვეების დახვრეტა, ბავშვების, ქალების განდევნა თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან, ეს უკვე არ არის ჯიჰადი. ყურანში გარკვევით წერია, ვინც შენ სახლიდან გამოგაგდებს, ვინც შენ არ გაძლევს უფლებას შეასრულო ალაჰის აღმსარებლობა, ამ შემთხვევაში შეგიძლია ებრძოლო მათ.