ბლოგები / კობა ლიკლიკაძე
რაც უნდა იმართლონ თავი მოსკოვში "თბილისობაზე" ჩასულმა ქართველმა მომღერლებმა, რომ ქართველი თვისტომის გასახარად იმღერეს და არა რუსეთის ხელისუფლების გულის მოსაგებად, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ამ სადღესასწაულო ღონისძიებით კრემლმა კიდევ ერთ მორალურ გამარჯვებას მიაღწია "ერისიონის" მოსკოვური გასტროლების შემდეგ.
შევეცდები დავასაბუთო, თუ რატომ ვფიქრობ ასე.
რუსეთის ხელისუფლებამ მოახერხა და მოსკოვში ამღერა პუტინის "პირად მტერთან", საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული მომღერლები - ლელა წურწუმია, ნინო ჩხეიძე და ნინი ბადურაშვილი. ეს უკანასკნელი, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციამდეც და შემდეგაც, ქართველ მსმენელში ასოცირდებოდა, როგორც ქართველი მარლენ დიტრიხი, მომღერალი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომამდე ქართველ ჯარისკაცს ამხნევებდა სიმღერით "ფსოუს წყალი". ომის შემდეგ კი ანსამბლ სტეფანესა და 3 G-სთან ერთად სახელი გაითქვა "We Don't Wanna Put In"-ის შესრულებით, რაც იმ დროის მწვავე მუსიკალური სატირა იყო პუტინის მმართველობაზე. ცნობილია, რომ 2009 წელს ევროკავშირის სამაუწყებლო ბიურომ სიმღერის ავტორებს პოლიტიზებული ტექსტის შეცვლა მოსთხოვა და შემდეგ, ქართველების პრინციპული პოზიციის გამო, ანსამბლს უარი უთხრა ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობაზე. თუმცა, სიმღერა "We Don't Wanna Put In" მაინც მეტად პოპულარული გახდა და მასზე რამდენიმე დასავლურმა წამყვანმა ტელეარხმა სიუჟეტებიც კი მოამზადა.
ცხადია, ერთი შლაგერითა და რამდენიმე სატელევიზიო სიუჟეტით იოლი არ არის ევროპაში სახელის მოხვეჭა. მაგრამ ნინი ბადურაშვილს და 3 G-ს შეეძლოთ ერთგვარ "ყინულმჭრელად" გამოეყენებინათ ეს სიმღერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის ფონზე და ახალი რეპერტუარით გასულიყვნენ ევროპის სივრეცში. როგორც ეს, მაგალითად, ცოტა ხნის წინ გააკეთეს უკრაინულმა ანსამბლებმა "ოკეან ელზიმ" და "პიკარადიისკაია ტერციამ", რომლებსაც არნახული წარმატება ჰქონდათ ჩეხეთის დედაქალაქში და ასეთივე წარმატებით აგრძელებენ გასტროლებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებში.
აქ, ცხადია, საყვედური უნდა ითქვას საქართველოს საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების მიმართაც, რომლებიც ერთიანი ძალისხმევით ვერ ახერხებენ იმდენს, რომ ქართული ესტრადით დააინტერესონ ევროპის სახელმწიფოები; ვერ ახერხებენ იმას, რომ შეუქმნან ალტერნატივა, გზა გაუკვალონ და მხოლოდ მიხეილ ხუბუტიების იმედზე არ დატოვონ ქართველი მომღერლები, რომლებიც ვერ მიმხვდარან, რომ არანაირი თვისტომის გულის გასახარად არ ღირს კონცერტის ჩატარება იმ ქვეყანაში, რომელსაც შენი სამშობლოს 20 პროცენტი აქვს მიტაცებული.
მახსოვს, პრაღაში კლუბ "სასაზუში" 19 მარტს გამართული ბრწყინვალე კონცერტის შემდეგ უკრაინული ანამბლის, "ოკეან ელზის" წარმატებით აღელვებულმა სოლისტმა სვიატოსლავ ვაკარჩუკმა განაცხადა, რომ არასოდეს იმღერებს რუსეთში, ვიდრე ყირიმი ოკუპირებულია!
ცხადია, ალბათ არიან ისეთი უკრაინელი მომღერლები, რომლებიც ახლაც მართავენ კონცერტებს რუსეთში. მაგრამ საკუთარ ხალხს უყვარს და ისტორია დიდებით ინახავს მხოლოდ იმათ სახელებს, ვინც არ უმღერის დამპყრობელს! ან იმას, ვინც ვან კლიბერნივით მოწინააღმდეგის მოედანზე იგებს საერთაშორისო კონკურსებს და ამით წარმოაჩენს საკუთარი ქვეყნის სიდიადეს.
"თბილისობა" კი, როგორც დღესასწაული, საქართველოში არ უქნია ღმერთს და მოსკოვში მისი გამართვა ვლადიმირ პუტინის დაბადების დღემდე ერთი კვირით ადრე ხომ საერთოდ უგემოვნო, სამარცხვინო კიჩი იყო, რომლითაც ბატონმა ხუბუტიამ და კომპანიამ, მასში მონაწილე ქართველი შემსრულებლები ისეთ ქარაფშუტა და უპრინციპო ადამიანებად წარმოაჩინეს, რომ ისინი ალბათ დიდხანს ვეღარ ჩამოირეცხავენ ამ სირცხვილს.