ყურსაცვამები რა ხანია, თანამედროვე ცხოვრების უცილობელი ატრიბუტი გახდა, თანაც, თითქმის ყველა ასაკის ადამიანისთვის. ბოლო დროს არა მხოლოდ მუსიკას ვუსმენთ ყურსაცვამების მეშვეობით, მობილურ ტელეფონზეც ყურსაცვამის თანხლებით ვლაპარაკობთ. ქუჩაში თუ სახლში ის ბევრი ადამიანის მუდმივი თანმხლებიც კია. თუმცა ისიც ყველამ იცის, რომ ყურსაცვამებით "ბოროტად სარგებლობა" საკმაოდ საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ბევრმა სამეცნიერო-სამედიცინო კვლევამ დაადასტურა, რომ ეს ატრიბუტი ძალიან ნეგატიურ გავლენას ახდენს სმენის ორგანოებზე. როგორ?
სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ მავნებლობა მოაქვს არა თვითონ ყურსაცვამს, ზიანი პირდაპირ დაკავშირებულია ყურსაცვამის ხმის გადამცემ ფუნქციასთან, განსაკუთრებით, თუ მას მეტისმეტად ხშირად ვიყენებთ და რაც მთავარია, ძალიან ხმამაღალ მუსიკას ვუსმენთ.
ყურის ნიჟარა კარგი რეზონატორია. ხმა, რომელიც თავდაპირველად ყურის ნიჟარაში ხვდება, ძლიერდება და სმენითი გასავლებით შიდა ყურში აღწევს. ადამიანის სასმენი აპარატის ამ ანატომიური თავისებურებიდან გამომდინარე, თანამედროვე ადამიანისთვის ხმაურის ნორმებიც განისაზღვრება. ბევრ ქვეყანაში სპეციალური კანონებიც არსებობს, რამდენ დეციბელზე შეიძლება საზოგადოებრივ ადგილებში მუსიკის მოსმენა ისე, რომ სხვები არ შეაწუხო, თორემ შეიძლება, გიჩივლონ კიდეც, თუ დაშვებულზე ხმამაღლა გაქვს ჩართული ესა თუ ის მოწყობილობა.