სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა "ჰაერში გამოკიდებული შამანის" ფოტომ ინტერნეტმომხმარებლების ყურადღება მიიპყრო. ფოტო "ბათუმობა 2014" წლის ღონისძიებაზე, ერას მოედანთან არის გადაღებული. "კვირის პალიტრა" ილუზიური ნომრის იდეის ავტორს, ჯგუფ "პლატინას" ხელმძღვანელ მალხაზ ირემაძესა და როლის შემსრულებელ მსახიობს მირზა სათმანიძეს დაუკავშირდა:
მალხაზ ირემაძე - იდეის ავტორი:
- ნომრის გაკეთება საკმაოდ რთული იყო. ინტერნეტში არ მოიპოვებოდა ამ ტრიუკის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია. გამიმართლა, რომ ვიღაცას ჩუმად ჰქონდა ვიდეო გადაღებული და ამის მიხედვით დავიწყეთ მუშაობა.
- როგორ აღმოჩნდა მსახიობი ჰაერში?
- როგორც იქნა ავაწყეთ კონსტრუქცია, მსახიობს ნაჭერი გადავაფარეთ, "ბათუმობის" ღონისძიებაზე მოსული ხალხის ყურადღება უკვე ჩვენსკენ იყო მოპყრობილი, აინტერესებდათ რას ვაკეთებდით. მირზამ თითქოს რაღაც ლოცვები წაიკითხა, უცებ მოვაცილეთ ნაჭერი და შეძახილები წამოვიდა - "ვაიმე დედაა", "უი ჯადოქრები". პირველი რეაქციების მერე დაიწყეს ფიქრი თუ რა ხდებოდა სინამდვილეში. ზოგმა თქვა შუშაზე დგასო და ხელი გამოატარა ფეხების ქვემოთ, ზოგმა პირჯვრის გადაწერა დაიწყო. გვთხოვდნენ გვეთქვა, რა ზეციური ძალით იყო ჰაერში. ერთი კაცი არ მოგვეშვა, სახლამდე გამოგყვებით თუ არ მეტყვითო. ვუთხარი, ინდოეთიდან მყავს ჩამოყვანილი სპეციალისტი და ამის გამხელა არ შეიძლება თქო.
- სამოსი სპეციალურად ამ ნომრისთვის შეაკერინეთ?
- სამოსიც ძალიან მოკლე დროში მოვამზადეთ. ნომრის შემადგენელი ნაწილი იყო გრანდიოზული ქუდი, მაგრამ გადატვირთული გრაფიკის გამო ქუდის დამზადება ვეღარ მოვასწარით. უცებ მოვიფიქრეთ შუბლზე ბენდენის გაკეთება.
- ასეთი ინტერესის შემდეგ, როგორ ჩამოვიდა მირზა ჰაერიდან მიწაზე, როგორ "გამოაპარეთ" ხალხს კონსტრუქციის არსებობა?
- უცებ გადავაფარეთ ნაჭერი, მირზამ ლოცვები წარმოთქვა, ამასობაში დავშალეთ კონსტრუქცია, "აჭარელი შამანიც" ჩამოვიყვანეთ ჰაერიდან და გარშემომყოფების ოვაციები კიდევ ერთხელ დავიმსახურეთ.
- ჩვენს მკითხველს გაუმხელთ ამ კონსტრუქციის საიდუმლოს?
ეს საიდუმლო ნაწილობრივ უკვე გავამხილე, მაგრამ მეტის თქმა აღარ შემიძლია, თუმცა ვიტყვი, რომ არცერთი ფოკუსი არ არის ღვთიური, არავინ არ დაფრინავს, ეს არის დიდი ძალისხმევის ფასად შესწავლილი ტრიუკი".