კბილები და მასთან დაკავშირებული პრობლემები ბევრ დიდსა თუ პატარას აწუხებს. ამ თემაზე სტომატოლოგს, ნათია სამსონაშვილს ვესაუბრეთ.
- რა ასაკში ეწყებათ პატარებს კბილების ამოსვლა?
- სარძევე კბილების ამოჭრა პატარებს ეწყებათ 6-8 თვის ასაკში, ხოლო მუდმივის - 5-6 წლისას. პირველად 6-8 წლის ასაკში იცვლიან ცენტრალურ საჭრელებს, გვერდით საჭრელებს - 7-9 წლის ასაკში, ეშვების, ანუ რიგით მესამე კბილებს - 10-11 წლისანი, ხოლო პრემოლარებს, ანუ მეოთხე კბილებს - 9-12 წლის ასაკში. თუმცა, ხდება კბილების როგორც ნაადრევი, ასევე დაგვიანებითი ამოჭრა.
- ზოგ ბავშვს კბილები გვიან ამოსდის, ზოგს - ადრე. საშიშია თუ არა ეს და რაზეა დამოკიდებული?
- კბილების ნაადრევი ან ნაგვიანები ამოჭრა შეიძლება დაკავშირებული იყოს ნივთიერებათა ცვლის დარღვევებთან, გადატანილ ინფექციურ დაავადებებთან, ვიტამინების, კალცის ნაკლებობასთან. თუმცა, მშობლებს სანერვიულო არ აქვთ, თუ კბილის ამოჭრის ვადები 1-3 თვით სცილდება მოცემულ სტატისტიკურ ვადებს.
- პატარებს კბილები რომ უშავდებათ, ეს რისი ბრალია? მართლა ტკბილეულია "დამნაშავე"? რა აფუჭებს პატარა ასაკში კბილებს?
- ბავშვების კბილების ჩამოყალიბება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე და იგი სათავეს იღებს ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდიდან. ორსულმა ქალმა ჩანასახის პირველივე თვიდან უნდა დაიწყოს ზრუნვა მომავალი შვილის ჯანმრთელ კბილებზე. ამისთვის აუცილებელია ისეთი პროდუქტების მიღება, რომელიც მდიდარია კალცით, ფოსფორით, D ვიტამინით და სხვა. ესენია რძისა და ზღვის პროდუქტები, ხილ-ბოსტნეული. სარძევე კბილების ჩამოყალიბებაზე უარყოფითად აისახება ორსულობისას გადატანილი ვირუსული დაავადებები, ხშირი ანტიბიოტიკების მიღება, ტოქსიკოზი. ეს ხელს უწყობს ნაადრევ ასაკში კბილის კარიესის განვითარებას. რაც შეეხება ტკბილეულის ბრალეულობას კარიესის განვითარებაში, იგი ნამდვილად დამნაშავეა. არა მარტო მისი ჭარბად მიღება, არამედ მისი ნარჩენების დიდხანს დაყოვნება პატარის კიჭებზე.
- რაზე მიგვანიშნებს ბავშვებში ემალის გაყვითლება, რაც ასევე ხშირია?
- კარიესის გარდა არსებობს კბილის მაგარი ქსოვილების სხვადასხვა პათოლოგია, რომელიც ვითარდება როგორც კბილების ჩამოყალიბების პერიოდში, ასევე მისი ამოჭრის შემდგომ. თქვენი კითხვის პასუხი არის სწორედ ერთ-ერთი მათთაგანი სახელწოდებით ჰიპოპლაზია, რომელიც გამოიხატება კბილის ქსოვილების ჩამოუყალიბლებობაში.
გაგრძელება