დღეიდან ორგანიზაცია "მოქალაქის" პროექტებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება. "მოქალაქემ" ორი პროექტის - "სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა" და "სტუდენტები თვითმმართველობისათვის" პრეზენტაცია გუშინ გამართა. პრეზენტაციას ესწრებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. "სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა" მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. აღნიშნულ პროექტებს სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ.
ია ანთაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია, "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი":
"ღმერთმა "ნაეკს" ბევრი მისცეს, მაგრამ სამოქალაქო ჩართულობის პროექტს ცენტრალიზებული სახელმწიფო სტრუქტურა როგორ განახორციელებს? და რომ განახორციელებს, შედეგი რა იქნება? სამოქალაქო საზოგადოება ამ გზით როგორ გაძლიერდება?
მერე სწყინს ძვირფას ბატონ ბიძინას, რომ ვამბობ, დემოკრატიის შესახებ ცოდნის სტრუქტურა არ გააჩნია-მეთქი".
ჩიორა თაქთაქიშვილი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი:
"ეს მართალია??
იქნებ ბატონი მიხეილ-გელა სალუაშვილის პროექტებიც განახორციელოს ნაეკმა? რით იქნება ამაზე უარესი?თუ მილიონებს ვერ გადაიხდის?!".
გოგა ხაჩიძე, საპარლამენტო უმცირესობის წევრი:
"ბ-ნო ბიძინა!
თქვენს დანახვაზე ადამიანები ერთადერთ რამეზე იწყებენ ფიქრს; ერთადერთი რამე უნდათ თქვენგან...
ეს არის ფული! (მაყუთი! ბაბლო!)
ასე რომ, დაანებეთ თავი ამ ოლიმპიადებს, ფილოსოფია-ფსიქოლოგიას და სამოქალაქო აღზრდას.
ნუ ცდილობთ აღმოფხვრათ მოსახლეობაში, თქვენს მიმართ არსებული სწორი ინსტიქტები".
მამუკა გამყრელიძე, ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი და გადაცემა "ვის უნდა 20 000?"-ის ყოფილი წამყვანი:
"ეტყობა რაღაც ან ვერ გავიგე ან ჩემი აზროვნება ვერ სწვდება ასეთ სიღრმეებს. თავისთავად მივესალმები ყველა საგანმანათლებლო პროექტს, მაგრამ ბატონი ივანიშვილის ახალი წამოწყება უფრო ვიქტორინას ან სასკოლო ოლიმპიადას ჰგავს ვიდრე საგანმანათლებლო პროექტს. არ აჯობებდა ამ გამოკითხვების მაგივრად რეალური ცოდნის მიცემაში დახარჯოს ფული?
შესაძლებელია მე რამე ვერ გავიგე და თუ ამიხსნით მაშინ ბოდიშსაც მოვიხდი".