ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას აზრით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის პოსტზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს.
როგორც ბესელიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად წარდგენილ კანდიდატებთან, ნინო ბაქაქურთან და ზურაბ ძლიერიშვილთან დაკავშირებით, უმრავლესობაში კონსულტაციები გაიმართა. დეპუტატის თქმით, მათთან მიმართებაში რაიმე სიურპრიზი მოსალოდნელი არ არის.
"ამ დროისთვის ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს. შეჯერებისა და კონსულტაციების გზით, ვფიქრობ, კანდიდატებს პარლამენტის მხარდაჭერა ექნებათ, მათ აქვთ ძალიან კარგი გამოცდილება და პროფესიული ავტორიტეტი", - აღნიშნა ეკა ბესელიამ. მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით, საქმის კურსშია პრემიერ-მინისტრი.
ნინო ბაქაქურს და ზურაბ ძლიერიშვილს დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომის ფარგლებში შეხვდებიან. მათი დამტკიცების საკითხი კენჭისყრაზე მომავალ კვირას გავა. ნინო ბაქაქური და ზვიად ძლიერიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად პრეზიდენტმა პარლამენტს უკვე მეორედ შესთავაზა. პირველ წარდგენაზე მას უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა, რის შედეგადაც, ორივე კანდიდატი ჩავარდა.