საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის საავტორო გადაცემა, ყველაზე გვიან ახალ წლამდე, ყველაზე ადრე კი დაახლოებით ერთ თვეში გავა ეთერში , - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად ივანიშვილმა დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში განუცხადა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" ორი პროექტის - "სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა" და "სტუდენტები თვითმმართველობისათვის" პრეზენტაცია გაიმართა.
"ერთადერთი გეტყვით, რომ როგორც იცით, ვამზადებ ტელეპროექტს. ამაზე მეტს ვერ გეტყვით დეტალებზე, რამეთუ დაზუსტებული არ გვაქვს. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ყველაზე გვიან ახალ წლამდე, ყველაზე ადრე ერთ თვეში ალბათ გავალთ ეთერში, ამ პროექტით მე გამოვჩნდები და ვიქნები აქტიური კვირაში ერთხელ მაინც", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილს გადაცემის სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.