სკანდალურმა ფრანგმა მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში - "ასე გამოვიდა" შოკისმომგვრელი გულახდილობით ისაუბრა წარსულ ცხოვრებაზე. მასში მსახიობი ყვება, როგორ ეწეოდა ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან პროსტიტუციას და ძარცვავდა საფლავებს.
დეპარდიეს თქმით, მისი დედა ალის მარიე რამდენჯერმე ეცადა, თვითნებურად მოეშორებინა ნაყოფი. როდესაც ჟერარი 10 წლის გახდა, 15 წლისას გავდა და ხვდებოდა, რომ არაჰეტერონორმატიულ მამაკაცებში ძლიერ სურვილებს აღძრავდა, ამიტომ ის გეი პროსტიტუციაში ჩაება. ამასთან, ქურდებს ეხმარებოდა საფლავების ამოთხრაში, რომ გარდაცვლილისთვის ძვირფასი ნივთები მოეპარათ. 16 წლის ასაკში დეპარდიემ სამი კვირა ციხეში გაატარა მანქანის გატაცების გამო.
მას შემდეგ, რაც მშობლიური შატორუდან პარიზში გადასახლდა, დეპარდიე კვლავ განაგრძობდა პროსტიტუციას. ამავდროულად თეატრალურ ოსტატობას სწავლობდა თავისი ერთ-ერთი კლიენტისგან, რომელიც მისი სწავლის საფასურს იხდიდა. დროდადრო ჟერარი თავის კლიენტებს ქურდავდა.
"20 წლისა ზოგ კლიენტს ვძარცვავდი, ზოგს კი ვასახიჩრებდი და ისე ვართმევდი მთელ ფულს" - ღიად აღიარებს მსახიობი. დეპარდიე, რომელიც ძალიან ბევრ ალკოჰოლს მოიხმარს, იმასაც განმარტავს, თუ რატომ სვამს დღეში 14 ბოთლ სპირტიან სასმელს. მისი თქმით, ამას იმიტომ აკეთებს, რომ დაძლიოს მისი სხეულის მიერ გამოშვებული ხმების მიმართ შიში. "თუ გონების დაკარგვამდე არ დავთვერი, ისე ვერც ვიძინებ", - ამბობს დეპარდიე.
თავის ბიოგრაფიულ წიგნში დეპარდიემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მეგობრობაზეც ისაუბრა. თვლის, რომ პუტინს მისი "ხულიგნური" მხარე მოსწონს და რომ მათ შორის ბევრი საერთოა. მსახიობმა აღიარა, რომ ხშირი მიმოწერა აქვს პუტინთან, რომელსაც ყველაფრის შესახებ უყვება, როგორც ძველ მეგობარს და ისიც ენთუზიაზმით პასუხობს.
მომზადებულია independent.co.uk-ს მიხედვით.