ქართველმა მსახიობმა, რეჟისორმა და საავტორო სიმღერების შემსრულებელმა ვახტანგ კიკაბიძემ უკრაინულ ჟურნალთან ინტერვიუს დროს პუტინზე და უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
- ბატონო ვახტანგ, თქვენ პირველ დღეებში ევრომეიდანზე იმყოფებოდით. ფიქრობდით, რომ მაშინდელი პროტესტი ამ ვითარებამდე მიგვიყვანდა?
- იმაზე უარესის წარმოადგენა, რაც ახლა ხდება, შეუძლებელი იყო. ყველაფერი, რაც ახლა უკრაინაში ხდება, იგივე სცენარაით ვითარდება, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში მოხდა. ძალიან რთული სათქმელია, რითი დასრულდება ეს ყველაფერი. საერთაშორისო საზოგადოებაზეა დამოკიდებული, და ისიც იმ შემთხვევაში, თუ სერიოზულ სანქციებს მიიღებენ. გარდა ამისა, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თქვენს ახლანდელ მთავრობაზე.
- პუტინისთვის რაიმის თქმის საშუალება რომ გქონდეთ, რას ეტყოდით?
- ამ ადამიანს მე შემიძლია ვუთხრა, რომ ის შავი ძალების პოლიტიკოსია და სანამ ის ამბიციებით ცხოვრობს, ყოველთვის იქნება საფრთხე გარკვეული ქვეყნებისთვის, სისტემებისთვის. ის - დამპყრობელია! მას მიაჩნია, რომ მუდამ იქნება ქვეყნის სათავეში. ადამიანები მუდმივები არ არიან, ცხოვრება სრულდება. მის შვილთაშვილებსაც კი შერცხვებათ საკუთარი გვარის წარმოთქმის. ისტორიამ ეს უკვე არაერთხელ დაადასტურა. სანამ ის "ტახტზეა", ქვეყნის სათავეში სხვა ვერავინ აღმოჩნდება. თქვენ მიგაჩნიათ, რომ რუსები ეთანხმებიან პუტინს იმაში, რასაც ის თქვენს ქვეყანას უკეთებს? არა, რა თქმა უნდა! უბრალოდ, ხალხს არავინ ეკითხება. საერთოდ, ვერ ვხვდები ორი დაძმობილებული ერი ასე როგორ შეიძლება ერთმანეთს უსწორდებოდეს, სადისტური სიამოვნებით.
- როგორ ხართ განწყობილი პეტრო პოროშენკოს მიმართ? მიგაჩნიათ, რომ ის საკუთარი ქვეყნის ღირსეული ლიდერია?
- მე მას პირადად არ ვიცნობ, თუმცა, ჩემზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა. ბევრ ენას ფლობს, რაც პრეზიდენტისთვის ურიგო არ არის. თქვენს კითხვაზე პასუხი ხალხმა უნდა გაგცეთ და არა მე.
- მეზობელ სახელმწიფოსთან კონფლიქტის გამო, საკუთარ თავს საკმაოდ მსუყე შემოსავალი წაართვით, რომელიც გასტროლებს მოჰქონდა. ხშირად ღებულობთ რუსეთიდან მოწვევებს? თუ ყველამ იცის, რომ თქვენს მოწვევას არ აქვს აზრი?
- მე ძალიან ხშირად მიწვევენ მოსკოვში, სხვადასხვა ფილმების, პროექტების გადაღებებეზე. ძალიან ბევრ წერილს ვიღებ ადამიანებისგან, რომლებიც მხარს უჭერენ ჩემს გადაწყვეტილებას. თუმცა მე ვთქვი, რომ მოსკოვში არ წავიდოდი გადაღებებზე. გადაიტანონ გადაღებები სხვა ნებისმიერ ქვეყანაში და არანაირი პრობლემა არ იქნება. ყველა ამბობს, რომ საქართველოში ყველაფერი უკვე დასრულდა, მე კი ვამბობ, ჯერ არაფერი დასრულებულა. ჩემი სახლიდან 30 კილომეტრში მეტალის მავთულხლართია და ტანკები დგანან. რამდენსაც არ უნდა ლაპარაკობდნენ ქართულ-რუსული ურთიერთობების დათბობაზე, რუსმა სამხედროებმა 300 მეტრით გადმოწიეს საზღვარი. რამოდენიმე ქართული სახლი მავთულხლართებს მიღმა აღმოჩნდა. ერთ-ერთი ადამიანი ტელევიზორში საუბრობდა, რომ მისი მეუღლე საზღვრის მეორე მხარესაა დაკრძალლული და მის საფლავზე ვერ ახერხებს მისვლას. ეს ნორმალურია? იმედი მაქვს, რომ ოდესმე ვინმე დასჯის პუტინს, მთელი იმ კოშმარისთვის, რომელიც მან ჩაიდინა. ამის მოთმენა უბრალოდ შეუძლებელია.
- 2011 წელს თბილისში "მიმინოსადმი" მიძღვნილი ძეგლი დადგეს. მოგწონთ?
- სამი მონსტრი და შუაში ფალოსი. მისი გახსნის შემდეგ ზარებით მტანჯავენ, მეკითხებიან, როგორი შეგრძნებაა, როდესაც სიცოხლეშივე გიდგამენ ძეგლს? უჩვეულო შეგრძნებაა. მე თვითონ იქ იშვიათად ვარ.
მომზადებულია Segodnya.ua-ს მიხედვით.