ქუთაისში სამართალდამცველების მიერ დაჭრილი 22 წლის მირზა გოჩუაძის ახლობლები საავადმყოფოში შეიჭრნენ. ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა ხალხის შეჩერება ვერ შეძლეს და დაჭრილის ახლობლები შენობაში შეიჭრნენ. მათ საავადმყოფოში მინები ჩაამსხვრიეს. ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია.
სამართალდამცველებმა დევნის ოპერაციის დროს ქუთაისში 22 წლის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა დღეს ახალგაზრდობის გამზირზე მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცეველები ერთ-ერთ საქმეზე მის დევნას ახორციელებდნენ. პოლიციელებმა 22 წლის მირზა გოჩუაძის შეჩერება სცადეს, თუმცა ავტომაქანის მძღოლი მათ არ დაემორჩილა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სროლა განახორცილეს.
ახალგაზრდა მამაკაცი თავის არეში დაიჭრა და ავტომანქანით სადარბაზოს შეეჯახა. მირზა გოჩუაძე საავადმყოფოშია გაადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. საქმე აღძრულია 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რაც იარაღის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.